• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის №2/2/1857 განჩინება საქმეზე „ჯუნა სიჭინავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ჯუნა სიჭინავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/2/1857
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 16 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 28 მაისი 2025 17:44

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ჯუნა სიჭინავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.თ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1857) მომართა ჯუნა სიჭინავამ. №1857 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 28 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 16 მაისს.

2. №1857 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრესა და ოდენობებს. დასახელებული მუხლის „ზ.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტი ენიშნებათ თავდაცვის ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას – 100 ლარის ოდენობით. მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს, თავდაცვის ძალების ვეტერანების საპენსიო ასაკის მიღწევამდე, სოციალური პაკეტის დანიშვნას. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-4 მუხლით დადგენილია საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე. ხსენებული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებს, მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – ყოველთვიურად 100 ლარი. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად თვლის სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს, თავდაცვის ძალების ვეტერანების მოხუცებულობის გამო, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.

5. №1857 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელიც 1997 წლის 25 ნოემბრიდან იღებს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ გასაცემელს, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის (სამხედრო ტრავმის) გამო. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები თავდაცვის ძალების ვეტერანებს, საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად, უზღუდავს სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლებას, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, შესადარებელ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე, მეორე მხრივ კი, ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირები. მოსარჩელის მითითებით, დასახელებულ პირთა პირველ კატეგორიას ეზღუდება სოციალური პაკეტით განსაზღვრული ფულადი გასაცემლისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე მაშინ, როდესაც პირთა მეორე კატეგორია სარგებლობს აღნიშნული უფლებებით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; თავდაცვის ძალების ვეტერანები.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, კანონმდებელი ვეტერანის სხვადასხვა სახის სტატუსის მქონე პირს ერთ ჯგუფად აერთიანებს. კერძოდ, კანონმდებლობით, ვეტერანის სტატუსის მქონე პირებად მიიჩნევიან, მათ შორის, თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე პირები. შესაბამისად, მართალია, შესადარებელი პირები წარმოადგენენ სხვადასხვა სტატუსის მატარებელ პირებს – თავდაცვისა და ომის ვეტერანებს, თუმცა ისინი არიან ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში პირდაპირ მოხსენიებული კლასიკური ნიშანი – სოციალური კუთვნილება.

8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ვეტერანებისათვის სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლების მინიჭება დაკავშირებულია საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში ისევე, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაში ვეტერანების განსაკუთრებულ როლთან. ამასთან, სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, მას გააჩნია ვეტერანებისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების გარანტირების მიზანი. დამატებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი მიემართება იმგვარ პირებს, რომლებიც წარსულში მონაწილეობდნენ სამხედრო/თავდაცვით საქმიანობაში. თავის მხრივ, ამგვარი საქმიანობა დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ და სამსახურებრივ ტრავმასთან და გამოირჩევა სპეციფიკური უნარების ფლობის საჭიროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც თავდაცვის ძალების ვეტერანებს, ომის ვეტერანებისგან განსხვავებით, არ ეძლევათ საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა უნდა შეფასდეს ძირითად უფლებაში მაღალი ინტენსივობის ჩარევად.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, რამდენადაც სახეზეა დიფერენცირების, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში პირდაპირ მოხსენიებული, ნიშანი და, ამასთან, დადგენილი დიფერენცირება – თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე პირებისათვის, სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური დაცვის განსხვავებული სტანდარტის დადგენა წარმოადგენს ძირითად უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, გამოყენებული უნდა იქნეს მკაცრი შეფასების ტესტი.

10. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს სადავო მოწესრიგების ლეგიტიმურ მიზანზე და განმარტავს, რომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი არ გამოდგება სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის საპირწონე დაუძლეველ საჯარო ინტერესად. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უფლებამოსილია, არსებული რესურსი გადაანაწილოს თანასწორობის პრინციპის დაცვით და სახელმწიფოს ფისკალურ და ეკონომიკურ ინტერესებთან თანხვედრით, დაუძლეველ ინტერესზე მითითება გაუმართლებელია. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თავდაცვის ძალების ვეტერანთა მცირე ოდენობისა და სუბსიდიის თანხის მიზერული ოდენობის გათვალისწინებით, მათი სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა ვერ იქნება განხილული საბიუჯეტო სახსრების იმგვარ ზრდად, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ვეტერანთა მიერ აღნიშნული პრივილეგიით სარგებლობა არ არის დაკავშირებული მძიმე საბიუჯეტო ტვირთთან, თუმცა იგი, გარკვეულწილად, უზრუნველყოფს ხსენებულ პირთა კატეგორიის ცხოვრების პირობების შემსუბუქებას. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება წარმოადგენს თვითმიზნურ შეზღუდვას – იგი ვეტერანთა ერთ ჯგუფს მეორისაგან გამოარჩევს თვითნებურად, ობიექტური აუცილებლობით განპირობებული საფუძვლის გარეშე. ამასთან, სადავო მოწესრიგება კიდევ უფრო აღრმავებს თავდაცვის ძალების ვეტერანებთან დაკავშირებულ სოციალურ უთანასწორობას. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების ტესტის განურჩევლად, სადავო რეგულირება არაკონსტიტუციურია.

11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რამდენადაც შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ისევე ისარგებლონ სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, როგორც ეს უზრუნველყოფილია ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ მათ მიმართ უნდა უზრუნველყოს თვითრეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობები.

12. დამატებით, მოსარჩელე მხარე სოციალური პაკეტის გაცემის კონსტიტუციურ საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებულ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომლის ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სოციალური პაკეტი არ წარმოადგენს ვეტერანთა უმუშევრობის დახმარებას. სოციალური პაკეტის მიზანია ბენეფიციართათვის სათანადო პირობების შექმნა, რათა გადალახონ მათ წინაშე არსებული სოციალური და ფიზიკური დაბრკოლებები და სხვა მოქალაქეთა მსგავსად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ ვეტერანებისათვის შექმნილი სოციალური გარანტიები წარმოადგენს ეროვნული სოლიდარობის გამოვლინებას და, მათი მხრიდან, სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად გაღებული მსხვერპლის აღიარების ინდიკატორს. მოსარჩელე მხარე, ვეტერანთა განვლილი ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, აგრეთვე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მათი რეინტეგრაციის ფაქტორის გათვალისწინებას. კერძოდ, მოსარჩელე თვლის, რომ კანონმდებელი უნდა ცდილობდეს ვეტერანთა სოციალურ ურთიერთობებში ჩართვის წახალისებას. თავის მხრივ, სოციალური პაკეტის მიღება, მოსარჩელის მოსაზრებით, წარმოადგენს ამგვარი სოციალური ინტერაქციის საშუალებას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვეტერანებზე განსაკუთრებული ზრუნვის და მათ მიერ სოციალური და ეკონომიკური უფლებებით ეფექტურად სარგებლობის წახალისების ვალდებულება. აღნიშნულის საპირისპიროდ, თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის დაწესებული სადავოდ გამხდარი შეზღუდვა ვერ ჩაითვლება, სახელმწიფოს მხრიდან, მათი ღვაწლის სათანადოდ დაფასებად ან/და მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობისათვის რეალური პირობების შექმნად. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო რეგულირება ასევე ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს პრინციპის მოთხოვნებს და თავდაცვის ძალების ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს კიდევ უფრო უმძიმებს ცხოვრების პირობებს.

14. დამატებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდია წარმოადგენს ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელს, რომელიც განკუთვნილია, კანონით განსაზღვრულ, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საფუძველს მოკლებულია, ვეტერანებისათვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების არსებობის გამორიცხვა, რამდენადაც, ამგვარი საჭიროებები ვეტერანებს გააჩნიათ როგორც საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ისე მას შემდეგ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1857 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.თ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა, რამდენადაც არსებითად თანასწორ პირებს – ერთი მხრივ, თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე, მეორე მხრივ კი, ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირებს, სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლებასთან მიმართებით, აყენებს დიფერენცირებულ მდგომარეობაში.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიას და აკრძალულად აცხადებს დისკრიმინაციას „რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის ნაწილში, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

4. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის გარანტიის დარღვევის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმა, არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით. ამ კონტექსტში, უპირველესად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ გამოკვეთოს პირთა წრე, რომელთა შორისაც ხდება დიფერენცირებული მოპყრობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-9; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/7/1427 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ანდღულაძე და ნუგზარ ბირკაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). იმავდროულად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).

5. მაშასადამე, იმისათვის, რათა №1857 კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად, მოსარჩელე მხარემ, ერთი მხრივ, ნათლად უნდა გამოკვეთოს შესადარებელი პირები, რომელთა შორისაც, სადავო ნორმების საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა, მეორე მხრივ კი, დაასაბუთოს, რომ სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლებასთან მიმართებით, იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს.

6. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე, კონსტიტუციურ სარჩელში შესადარებელ პირებად გამოყოფს, ერთი მხრივ, თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე, მეორე მხრივ კი, ომის ვეტერანის სტატუსის მქონე პირებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ დასახელებულ პირთა პირველ კატეგორიას ეზღუდება სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლება საპენსიო ასაკის მიღწევამდე მაშინ, როდესაც პირთა მეორე კატეგორია სარგებლობს დასახელებული უფლებებით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

7. აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა კატეგორიები განსაზღვრულია „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით. დასახელებული მუხლი ადგენს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები და თავდაცვის ძალების ვეტერანები. თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ ვეტერანთა კატეგორიები მოიცავს კანონმდებლობის საფუძველზე ვეტერანად მიჩნეულ პირთა ფართო სპექტრს (იხ., „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები). გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთება იმის თაობაზე, თუ ვეტერანთა რომელ კონკრეტულ კატეგორიას მოიაზრებს იგი ომის ვეტერანი პირების ცნების, როგორც შესადარებელი ჯგუფის ფარგლებში.

8. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დებულებების ანალიზიდან იდენტიფიცირებადია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ომის ვეტერანად მოაზრებულ პირთა ზოგადი კატეგორია მოიცავს ვეტერანთა მრავალ კონკრეტულ ჯგუფს - მათ შორის, იმგვარ ჯგუფებს, რომელთა შესადარებელ სუბიექტებად განხილვა, მოსარჩელის მიერ გამოკვეთილი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, იმთავითვე, საფუძველს მოკლებულია. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე, კონსტიტუციურ სარჩელში, პირთა დიფერენცირების არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის ძალების ვეტერანებს, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ეზღუდებათ სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლება მაშინ, როდესაც ომის ვეტერანები სარგებლობენ ხსენებული უფლებით, საპენსიო ასაკისაგან დამოუკიდებლად. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის ბლანკეტური მითითება ომის ვეტერანების პირთა ჯგუფზე, მათ შორის, მოიცავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. ასევე, დასახელებული კანონის მე-9 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ისეთ ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, როგორებიც არიან: ერთი მხრივ, საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, მეორე მხრივ კი, 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი. ნათელია, რომ ზემოაღნიშნული ომისა და სხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, მათი მიმდინარეობის პერიოდის გათვალისწინებით, თეორიული დაშვებითაც კი, ვერ იქნებიან მიჩნეული იმგვარ პირებად, რომლებმაც შესაძლოა, საპენსიო ასაკის მიღწევამდე ისარგებლონ სოციალური პაკეტით ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიით და, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელესთან ან მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, მოექცნენ დიფერენცირებულ უფლებრივ რეჟიმში.

9. შესადარებელი პირების იდენტიფიცირების საკითხთან მიმართებით, ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოსთან ერთად, გასათვალისწინებელია უშუალოდ სადავოდ გამხდარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი სოციალური პაკეტის მიმღებად, საპენსიო ასაკს მიღწეული თავდაცვის ძალების ვეტერანების გარდა, ჯამურად, განსაზღვრავს პირთა სხვა 43 კატეგორიას, ხოლო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-4 მუხლი, საპენსიო ასაკს მიღწეული საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანების გარდა, ჯამურად, განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა სხვა 13 კატეგორიას. ხაზგასასმელია, რომ სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სიმრავლის პარალელურად, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ მოუხდენია სოციალური პაკეტით ან/და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლე პირთა იმ კონკრეტული ჯგუფების იდენტიფიცირება, რომლებიც მის მიერ მოაზრებულია „ომის ვეტერანის“ კატეგორიის ფარგლებში, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სარგებლობს სოციალური პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებით და, განსახილველ შემთხვევაში, წარმოადგენს, თავდაცვის ძალების ვეტერანებთან მიმართებით, შესადარებელ პირთა ჯგუფს.

10. დამატებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავდაცვის ძალების ვეტერანის ცნება, აგრეთვე, წარმოადგენს ფართო ნორმატიულ კონსტრუქციას, რომელიც მოიცავს პირთა სხვადასხვა ჯგუფს. კერძოდ, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, „თავდაცვის ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ყოფილი შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), აგრეთვე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით“. ხსენებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსს შესაძლოა ფლობდეს როგორც პირი, რომელსაც სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან დაკავშირებით, მიენიჭა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, ისე პირი, რომელიც, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე ორგანოში მსახურობდა, დაჯილდოებულია ორდენებით ან მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვს წელთა ნამსახურობისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.

11. მაშასადამე, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დებულებიდან იდენტიფიცირებადია, რომ თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის ფლობა დაკავშირებული არ არის ომსა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტთან. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, საპენსიო ასაკის მიღწევის წინაპირობის რეგლამენტირების გარეშე, განსხვავებული ოდენობებით, სოციალური პაკეტის მიღების უფლებას ანიჭებს, მათ შორის: ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად, მეორე მხრივ კი, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად, მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს; სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს. ზემოაღნიშნულის მსგავსად, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-4 მუხლი საპენსიო ასაკის მიღწევის წინაპირობის რეგლამენტირების გარეშე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებად განსაზღვრავს, მათ შორის: სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს.

12. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „სახელმწიფო განსაკუთრებით ფართო დისკრეციას ფლობს სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის განსხვავებული სახის და ოდენობის მატერიალური სარგებლის განაწილებისას. ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან მიმართებით შესაძლებელია, სახელმწიფოს სხვადასხვაგვარი მიზანი ამოძრავებდეს. მაგალითისთვის, სოციალური გარანტიების შემოღება შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული ტიპის საჯარო სამსახურში დასაქმების წახალისებას, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების დაფასებას, ქვეყნის და ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას შეწირული სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ნაწილობრივ და სიმბოლურ კომპენსირებას და ა.შ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის №1/20/1706 განჩინება საქმეზე „ნუგზარი ოზიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამ თვალსაზრისით, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, იდენტიფიცირებული სამართლებრივი ურთიერთობების მიზნებისათვის, რატომ წარმადგენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი პირები, მეორე მხრივ კი, ომსა თუ სხვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და ომისა თუ სხვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, მათ შორის, აღნიშნული მოქმედებების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, საპენსიო ასაკის მიღწევამდე სოციალური პაკეტის ან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების რეგლამენტირება, გარდა, ზოგადად, სამხედრო სამსახურში მათ მიერ გაწეული საქმიანობის, სახელმწიფოს მხრიდან, დაფასებისა, შესაძლოა, განპირობებული იყოს ამგვარ მოქმედებებში მონაწილეობის თანმხლები ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის მასშტაბით, ქვეყნისა თუ საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიმართულებით მათ მიერ გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის/მათ მიერ გაღებული გამორჩეული მსხვერპლის დაფასების საჭიროებით. ცალკეულ შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლოა, ემსახურებოდეს ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების პრაქტიკულ რეალიზებასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების მცირედით კომპენსირებას.

13. მაშასადამე, ამ პირობებში, თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებულ ვეტერანთა სხვადასხვა კატეგორიისათვის სოციალური პაკეტის ისევე, როგორც საყოფაცხოვრებოს სუბსიდიის საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიღების უფლების სახით დადგენილი სოციალური გარანტიის უზრუნველყოფის მიზნები და ბუნება, შესაძლოა, ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავებული იყოს. ამგვარ ვითარებაში, სოციალური პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლებისა და განსახილველი სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მოსარჩელის მხრიდან, შესადარებელი პირების კონკრეტულად იდენტიფიცირება/წარმოჩენა და მათი არსებითად თანასწორობის ფაქტის დასასაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა.

14. აღნიშნულის საპირისპიროდ, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში, ზოგადი მითითების მიღმა, არ გამოუკვეთავს შესადარებელი პირები, რომელთა შორისაც, სადავო ნორმების საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა, ამასთან, არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის უფლებასთან მიმართებით, იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფების არსებითად თანასწორობის საკითხს. ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1857 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1857 კონსტიტუციური სარჩელი („ჯუნა სიჭინავა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ