• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის №1/4/1597 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N1/4/1597
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 4 ივნისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 4 ივნისი 2025 18:32

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე გიორგი ფუტკარაძე; მოსარჩელე მხარის, გიორგი ფუტკარაძის წარმომადგენელი ‒ გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ‒ ლევან ღავთაძე, ნინო შარმანაშვილი და თამარ შავგულიძე; საჯარო დაწესებულების, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ‒ საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გულუაშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1597) მომართა გიორგი ფუტკარაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/9/1597 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. №1597 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 15 და 16 ივნისს.

2. №1597 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი აწერიგებს სასამართლოს განჩინებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსათვის მიმართვისა და სასამართლოში საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლებები.

5. №1597 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის, რომელიც არ სარგებლობდა ბრალდებულის სტატუსით, კერძო საკუთრებაში, გადაუდებელი აუცილებლობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ამოღება, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, კანონიერად იქნა ცნობილი. მოსარჩელის ადვოკატმა სასამართლოსგან გამოითხოვა საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინება, რომლის მისთვის ჩაბარების მომენტისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების 48-საათიანი ვადა უკვე გასული იყო. მოსარჩელემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რაც არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო. მოსარჩელე მხარის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, მოსარჩელე მიჩნეულ იქნა დასახელებული განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე სუბიექტად.

6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა, მისი აღსრულების მომენტიდან, მოსარჩელეს უზღუდავს შესაძლებლობას, გაასაჩივროს ის განჩინება, რომლის სუბიექტიცაა. ამდენად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების არა საკუთრივ ვადას, არამედ აღნიშნული ვადის ათვლის მომენტს. უფრო კონკრეტულად, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, შესაბამისი განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია მისი აღსრულებიდან 48 საათში. მოსარჩელის განმარტებით, პირს, რომლის კერძო საკუთრებაშიც ხორციელდება საგამოძიებო მოქმედება, სასამართლოს მიერ აღნიშნულ მოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინება არ ბარდება, საკუთარი ინიციატივით განჩინების გამოთხოვასა და მიღებას კი ობიექტურად სჭირდება იმდენად დიდი დრო, რომ ფაქტობრივად გამოირიცხება კანონით დადგენილ ვადაში განჩინების გაცნობისა და შემდგომ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. მართალია განჩინების გასაჩივრების ვადის დაცვით, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს განჩინების გაცნობამდე, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისთვის გამოირიცხება განჩინების მცდარობის დასაბუთება, რის გამოც დიდია ალბათობა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნიოს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა ხდებოდეს პირისათვის განჩინების ჩაბარების, და არა – აღსრულების მომენტიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმა ქმნის ისეთი ვითარებას, როდესაც განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლამდე, პირს არ აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას იმასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, გადაუდებელი აუცილებლობით, ჩხრეკის ან ამოღების ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია, წარადგინოს არგუმენტირებული საჩივარი.

8. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილი წესი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან, ვინაიდან პირს, რომლის კანონიერი ინტერესებიც შეიძლება დაზიანდეს და რომლის კერძო საკუთრებაშიც ტარდება ჩხრეკა ან ამოღება, არ აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს გასაჩივრების რეალური შესაძლებლობით. მოსარჩელის განმარტებით, შეზღუდვას შესაძლოა, ჰქონდეს ისეთი ლეგიტიმური მიზანი, როგორიცაა გასაჩივრების მექანიზმისა და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენების საფრთხის პრევენცია, თუმცა, მოსარჩელის შეფასებით, სადავო ნორმის საფუძველზე, კონსტიტუციურ უფლებაში ამგვარი ჩარევა გამოუსადეგარია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე აღნიშნავს, რომ როდესაც საქმის განხილვის სწრაფად დასრულება თავად პირის ინტერესს წარმოადგენს, შეუძლებელია, მას გააჩნდეს საქმის ხელოვნურად გახანგრძლივების მოტივაცია. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარის მიერ გასაჩივრების უფლების ბოროტად გამოყენების თეორიულ შემთხვევაშიც კი, დასახელებული ლეგიტიმური მიზანი მიუღწეველია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება განჩინების/განკარგულების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან.

9. გარდა ამისა, გასაჩივრების უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია შესაძლოა, მოხდეს სააპელაციო სასამართლოში უსაფუძვლოდ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობით ან დაუკმაყოფილებლობით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების გაჭიანურება ან/და ხელის შეშლა, როგორც შედეგი, ვერ დადგება ისეთი მოცემულობით, როგორიცაა დოკუმენტის მხარისათვის ჩაბარების შემდგომ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყება. ამავდროულად, უსაფუძვლოდ წარდგენილი საჩივარი შესაძლებლობას არ ართმევს ბრალდების მხარეს, გამოიყენოს საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მტკიცებულება და მოითხოვოს მისი დასაშვებად ცნობა წინასასამართლო სხდომაზე.

10. დამატებით, №1597 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მართალია, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდგომ, პირს, რომლის საკუთრებაშიც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, შეუძლია, გაეცნოს გამომძიებლის მიერ შედგენილ ამოღების ოქმს, თუმცა იგი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას გასაჩივრების მიზნებისთვის, რამდენადაც საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, ხშირ შემთხვევაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავდროულად, საგამოძიებო მოქმედების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების საფუძვლის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება პროკურორს. სწორედ პროკურორის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, იღებს სასამართლო გადაწყვეტილებას საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, საჭიროა ასეთი მოქმედების ადრესატს ჰქონდეს როგორც მის მიმართ მიღებული განჩინების გაცნობის, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის არსებობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოში.

11. იმავდროულად, მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის ათვლის დინება იწყება აღსრულების მომენტიდან. თავის მხრივ, აღსრულების მომენტად განისაზღვრება საგამოძიებო მოქმედების ადრესატის, მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრის მიერ ამოღების შესახებ ოქმზე ხელმოწერა. სწორედ საგამოძიებო მოქმედების ადრესატის მიერ ამოღების ოქმზე ხელმოწერის მომენტიდან იწყება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების 48-საათიანი ვადის ათვლა ანუ, ჯერ კიდევ, სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე. ამგვარი საპროცესო წესრიგის პირობებში, საგამოძიებო მოქმედების ადრესატის მიერ განჩინების გამოთხოვის შემთხვევაშიც კი, გასაჩივრება შეუძლებელი იქნება კანონმდებლობით დადგენილი 48-საათიანი ვადის გასვლამდე.

12. მოსარჩელემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებზე და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედების ადრესატის მიერ საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინების გაცნობის გარეშე შეუძლებელი იქნება ამგვარი გადაწყვეტილების მცდარობის დასაბუთება, რაც, თავის მხრივ, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამგვარი დასაბუთების წარდგენა კი, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

13. მოსარჩელის მოსაზრებით, საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების ჩაბარება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან, რამდენადაც საგამოძიებო მოქმედების ოქმში მიეთითება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ადრესატის საკონტატო ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი განჩინების ჩაბარება. გარდა ამისა, მოსარჩელის პოზიციით, საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება, თავისთავად, ხელს არ უშლის შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების რეალიზებას, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობას და ამოღების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენებას, რამდენადაც იგი არ აჩერებს ხსენებული განჩინების აღსრულებას. მოსარჩელე მხარემ არ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წარმომადგელების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აშკარად არაგონივრულად უნდა მიიჩნიოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს და შეუძლებელია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მისი განმარტება აშკარად არაგონივრულად იქნეს მიჩნეული.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

16. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითეს, რომ საგამოძიებო მოქმედების, ამოღების ადრესატი – ქონებრივი ინტერესის მქონე პირი, კანონმდებლობით არ არის განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი. ხსენებული განჩინების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლში ჩამოთვლილ პირებს – პროკურორს, ბრალდებულს ან მის ადვოკატს. გამომდინარე აქედან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, მოსარჩელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვა შეცდომა, გამოიყენა კანონის ანალოგიის მეთოდი ნორმის განმარტებისას, რაც მხოლოდ სადავო ნორმაში ხარვეზის არსებობის დროს არის დაშვებული. ამავე დროს, მოპასუხე მხარე აღნიშნავს იმასაც, რომ სადავო ნორმა არის მკაფიო, არ იძლევა მისი რაიმე ფორმით განმარტებისა და, ამ მხრივ, მოსამართლის ლავირების შესაძლებლობას, რამდენადაც სახელდებით ჩამოთვლის გასაჩივრების უფლებით აღჭურვილ სუბიექტებს, რომელთა შორის ქონებრივი ინტერესის მქონე პირი არ არის ხსენებული. ამდენად, მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოსარჩელის საჩივარის განსახილველად მიღება არის კანონის აშკარად არაგონივრული განმარტება და არ უნდა იქნეს მიჩნეული გაბატონებულ პრაქტიკად.

17. იმავდროულად, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელეს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს არ გააჩნიათ, მათ მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, სასამართლოს განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული პირები აღჭურა სხვა, რიგი გარანტიებით საკუთარი ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობით – უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანისა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით. ამრიგად, მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელე მხარეს არ სჭირდება საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შემდგომი სასამართლო კონტროლი და მოსარჩელეს საკუთარი ქონებრივი ინტერესების დაცვა შეუძლია ადმინისტრაციულსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი გზებით.

18. მოპასუხე მხარემ ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტიდან მომდინარე ბარიერებზე და აღნიშნა, რომ სადავო მოწესრიგება არ წარმოადგენს მოსარჩელისთვის არსებით დაბრკოლებას მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის პროცესში არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობა.

19. მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის გადატვირთულობისაგან დაცვა და პროცესის ეფექტიანად მიმდინარეობის უზრუნველყოფა, სისხლის სამართლის პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს დროითი რესურსების დაზოგვა. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, გასაჩივრების ვადის ათვლის მიზნებისთვის, არ ითვალისწინებს სუბიექტისთვის დამატებით სხვა მოქმედებების განხორციელებას, მათ შორის, დოკუმენტის ჩაბარების ინსტრუმენტის გამოყენებას, აღნიშნული ღონისძიებით იზოგება სასამართლოს დრო და რესურსი. მოპასუხემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ სუბიექტის მიმართ დამატებითი ღონისძიებების გატარება, განჩინების ჩაბარების მიზნით, გადატვირთული სასამართლოს პირობებში, დაკავშირებულია რიგ პრობლემებთან. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი წესი გამოსადეგია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და სხვა, ნაკლებ მზღუდავი საშუალება, რითაც მიიღწევა ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი, არ არსებობს და, იმავდროულად, იგი შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის ვიწროდ პროპორციულობის ელემენტსაც.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ უფლებაში ჩარევას ან სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას.

21. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება არის ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, ტარდება საგამოძიებო მოქმედება – ამოღება. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტშია ჩამოთვლილი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედების მიზნები და საფუძვლები. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, როგორც პროკურორი, აგრეთვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი საგამოძიებო მოქმედების შედეგუნარიანობის შესახებ; არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა და რამდენად შესაძლებელი იყო საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს წინასწარი ნებართვით ჩატარება და მიმდინარეობდა თუ არა ამოღების ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების პროცედურა კანონის დაცვით. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის პოზიციით, გამომძიებლის დადგენილებისა და ამოღების შესახებ ოქმზე დაყრდნობით, ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს ამოწმებს როგორც პროკურორი, აგრეთვე სასამართლო. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარის არგუმენტი, რომ მისთვის წინასწარ უცნობი იქნებოდა სასამართლოს განჩინების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, არ არის მყარი.

22. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ სადავო ნორმით დადგენილი განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტია თავად განჩინების აღსრულება ანუ საგამოძიებო მოქმედებების დასრულება, რასაც შემდგომ მოჰყვება გამომძიებლის დადგენილება და, საბოლოოდ, საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინება. საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სასამართლოს განჩინების ჩაბარების მექანიზმზეც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პირს ჰქონდეს დოკუმენტზე წვდომის უფლება და, მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოსგან განჩინების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული პროცედურა კი არ წარმოადგენს დაბრკოლებას და მოსარჩელე მხარეს თავისუფლად შეეძლო, განჩინების მიღებიდან მეორე დღეს გამოეთხოვა იგი სასამართლოსაგან.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებული უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ადამიანის კონსტიტუციური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის სასამართლოს გზით ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის დარღვევის პრევენციის ან დარღვეულ უფლებაში აღდგენის შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად უფლების არსებობა-არარსებობის საკითხიც. შესაბამისად, „... უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

2. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია უფლებაშემზღუდველი ღონისძიებების ან/და აქტების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

3. ამასთანავე, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68). აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს აქტის გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). „გასაჩივრების უფლება უზრუნველყოფს პირის განცდის ჩამოყალიბებას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ. კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები, დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის პირის სანდოობის აღქმას სასამართლო გადაწყვეტილების შედეგისადმი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით დაცულ სფეროში მოიაზრება არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლებით პირის აღჭურვის გარანტია, არამედ ამ უფლების ეფექტიანი რეალიზების მიზნით, ქმედითი სამართლებრივი და პრაქტიკული ბერკეტების საკანონმდებლო მოწესრიგების უზრუნველყოფის ვალდებულება.

6. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან მოითხოვს იმგვარი ნორმატიული სივრცის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსადმი დროულ, ეფექტიან და ქმედით ხელმისაწვდომობას, პირთა მხრიდან საკუთარი უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების საერთო სასამართლოებში სრულყოფილად დაცვის მიზნით. აღნიშნული კი ლოგიკურად გულისხმობს უფლების რეალიზების პროცესის არაგონივრული ბარიერებისა და ხელშემშლელი ფაქტორებისაგან მაქსიმალურად გათავისუფლებას. შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ადგენს სასამართლოს აქტის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლების განხორციელების პროცესზე ხელოვნურ დაბრკოლებებს, როგორც წესი, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.

2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.“

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი აწესრიგებს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესს, რომლებიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების მიხედვით, ამ კატეგორიის საგამოძიებო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სასამართლოს წინასწარი განჩინების საფუძველზე ან მის გარეშეც, გადაუდებელი აუცილებლობისას, შემდგომისასამართლო კონტროლის დათქმით, რა დროსაც სასამართლო ამოწმებს სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. საბოლოოდ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ – კერძოდ, გამოაქვს განჩინება ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.

9. ამგვარად, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, შესაძლებელია, ჩატარდეს როგორც სასამართლოს წინასწარი ნებართვის საფუძველზე, აგრეთვე მის გარეშეც – გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, post factum სასამართლო კონტროლის პირობით. მოცემულ საქმეზე, მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუთავსებლად მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული იმ საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლას ამავე განჩინების აღსრულების მომენტიდან, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეამოწმებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის კონტექსტში.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება, რომელიც გამოტანილ იქნა იმ საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, საჩივრდება ამავე კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით ერთჯერადად და განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულების მომენტიდან, რაც შეადგენს 48 საათს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტები expressis verbis არიან პროკურორი, ბრალდებული ან/და მისი ადვოკატი. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ პირი, რომელსაც არ გააჩნია ბრალდებულის სამართლებრივი სტატუსი, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის ამგვარი უფლებამოსილების მქონე პირად განხილვა კი არის მხოლოდ კანონის აშკარად არაგონივრული განმარტების შედეგი. სწორედ ამიტომ, მოპასუხე მხარის შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის იდენტიფიცირების პროცესში, მხედველობაში არ უნდა მიიღოს საქმეზე თანდართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას, საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, მხედველობაში იღებს სადავო ნორმის განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, როგორც მართლმსაჯულების განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე სუბიექტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, აღსრულებასთან დაკავშირებით. ამრიგად, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს მხედველობაში საერთო სასამართლოს შემოთავაზებულ განმარტებას კანონის ნორმის შინაარსის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია ან შესაბამისი განმარტება აშკარად არაგონივრულია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). შესაბამისად, საქმის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიაროს მოპასუხე მხარის პოზიცია და მხედველობაში არ მიიღოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმის საფუძველზე, გასაჩივრების უფლების სუბიექტად მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიჩნევის თაობაზე.

12. №1597 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართულ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 7 თებერვლის №1/გ-111-21 განჩინებაში აღნიშნულია, რომ „მართალია გიორგი ფუტკარაძე ... საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 207-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ... გასაჩივრების სუბიექტს (მხარეს), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო მოქმედება და სასამართლოს განჩინება შეეხო მოქალაქე გიორგი ფუტკარაძის ინტერესებს (ქონებრივ უფლებას), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 207-ე მუხლებით არ არის მოწესრიგებული ასეთ შემთხვევაში სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება, მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე ... მიჩნეულ უნდა იქნეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – ამოღების კანონიერების შემოწმების შესახებ განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირად, ვინაიდან ... მითითებული განჩინება შეეხო მოქალაქე გიორგი ფუტკარაძის ქონებრივ უფლებას და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ფუტკარაძე შესაძლოა საერთოდ არ გახდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლში მითითებული განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი და ასეთ პირობებში გიორგი ფუტკარაძეს ესპობა შესაძლებლობა მისი როგორც მესაკუთრის, საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების დასაცავად საჩივრით მიმართოს სასამართლოს.“ ამრიგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირი მიიჩნია გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – ამოღების, კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე სუბიექტად.

13. პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირთა წრის იდენტიფიცირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით, მიმართა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს და მოითხოვა 2020-2025 წლების პერიოდში ამავე სასამართლოების მიერ მიღებული ის სასამართლო აქტები, რომლებიც შეეხება ამავე მუხლის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული იმ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინებების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევებს, ბრალდებულის საპროცესო სტატუსის არმქონე პირების მიერ, რომლებიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

14. 2025 წლის 15 აპრილით დათარიღებული წერილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14 განჩინება, რომლებიც შეეხება ბრალდებულის საპროცესო სტატუსის არმქონე პირების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინებების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევებს. ყველა ზემოხსენებულ განჩინებაში, ის პირი, რომელთა კერძო საკუთრება, მფლობელობა ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შეიზღუდა საგამოძიებო მოქმედების შედეგად და, რომლებიც, იმავდროულად, არ სარგებლობენ სისხლის სამართალწარმოებაში მხარის პროცესუალური სტატუსით, მიჩნეულია უფლებამოსილ პირად, რათა გაასაჩივროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით.

15. მაშასადამე, ერთი მხრივ, №1597 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა არის ერთგვაროვანი და სწორხაზოვანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ, სასამართლოს განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე სუბიექტებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის პოზიციის საპირისპიროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ არ იქნეს გაზიარებული მოცემულ საქმეზე თანდართული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება სადავო ნორმაზე დაყრდნობით მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლების სუბიექტად მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიჩნევის თაობაზე.

16. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ბრალდებულის საპროცესო სტატუსის არმქონე პირი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს განჩინებების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე სუბიექტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაში ჩარევას.

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ეცნობება მოსამართლეს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და გადაეცემა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე, წყვეტს შუამდგომლობას, რა დროსაც ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე და გამოაქვს განჩინება ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ამასთანავე, სადავო ნორმის შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული განჩინება საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.

18. თავის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ ზემოხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყის მომენტს წარმოადგენს განჩინების აღსრულება, რაც ნიშნავს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების დასრულებას. საქმეზე თანდართულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის განჩინების აღსრულებიდან ათვლა „... გულისხმობს განჩინების გასაჩივრების უფლების რეალიზებას მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი პირი ინფორმირებული გახდება განჩინების გამოტანისა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების (განჩინების აღსრულება) შესახებ.“ ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ „საგამოძიებო მოქმედებას 2020 წლის 29-30 ნოემბერს ... გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ამოღების ოქმის მიხედვით, ესწრებოდა მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე, ... მან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით. შესაბამისად, მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) გადაუდებლად ჩატარების შესახებ ინფორმირებული იყო 2020 წლის 30 ნოემბერს (საგამოძიებო მოქმედების დასრულების თარიღი). ... გიორგი ფუტკარაძეს, რომლისთვისაც ... ცნობილი იყო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა ... ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება ...“.

19. ამრიგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებისა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის პოზიციის ურთიერთშეჯერების შედეგად, ცხადი ხდება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად განიხილება ამავე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დასრულება. სწორედ ამ მომენტიდან იწყება სადავო მუხლზე დაყრდნობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 48-საათიანი ვადის დენა. ამ პირობებში, მოქმედი საპროცესო ვადების გათვალისწინებით – რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათში სასამართლოსათვის გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის და, მეორე მხრივ, სასამართლოში შუამდგომლობის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას – სრულიად რეალურია ისეთი ვითარების წარმოშობა, რომლის ფარგლებშიც, პირს, რომლის კერძო საკუთრებაში ან მფლობელობაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ან რომლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შეიზღუდა, ფაქტობრივად, არ მიეცეს არათუ გონივრული, არამედ მინიმალური დროც კი იმისთვის, რომ გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას, გააანალიზოს მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და ამის შემდგომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის წარდგენის თაობაზე.

20. მოპასუხე მხარისა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების პოზიციის მიხედვით, სათანადო ინტერესის მქონე პირს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი განჩინება, სასამართლოსაგან საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს და შემდეგ გადაწყვიტოს, სურს თუ არა გასაჩივრების უფლებით სარგებლობა. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ვადებს, რომელშიც სასამართლო ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს განჩინება, თუმცა პირს უფლება აქვს, განჩინების მიღებიდან მომდევნო დღესვე მოითხოვოს და გონივრულ ვადებში მიიღოს იგი სასამართლოსგან. გარდა ამისა, მოპასუხის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობის, მათ შორის, იმ პირის მონაწილეობით განხილვის შესაძლებლობას, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რაც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს იმ არგუმენტებსა და დასაბუთებას, რაც შემდგომში სასამართლოს განჩინებას დაედება საფუძვლად.

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზემოხსენებულ პოზიციებს რამდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში, იკვეთება, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული, კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების პროაქტიულად ჩაბარების მექანიზმი არ არის გათვალისწინებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. ამასთან ერთად, როდესაც დაინტერესებული პირი მიმართავს სასამართლოს განჩინების გამოთხოვის მიზნით, მოქმედი ნორმატიული სივრცე არ განსაზღვრავს განჩინების პირისათვის გადაცემის ვადებს, რის გამოც შესაძლებელია, ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხოს მისი მიღება გასაჩივრებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 48-საათიანი ვადის ამოწურვამდე. ხაზგასასმელია ისიც, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით, იმ პირის მონაწილეობით განიხილება, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, სხდომის ზეპირი მოსმენით გამართვა არის სასამართლოს პრეროგატივა და არა ვალდებულება და, იმავდროულად, საპროცესო კანონმდებლობაში არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ან/და მოსამართლის მიერ ამგვარი განჩინების სამართლებრივი საფუძვლებისა და მის დასაბუთებასთან დაკავშირებული არგუმენტების სხდომაზე საჯაროდ დაფიქსირების ვალდებულებას.

22. შესაბამისად, ნათელია, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა შესაძლოა ისე გავიდეს, რომ პირმა, რომლის კერძო საკუთრება, მფლობელობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა შეიზღუდა საგამოძიებო მოქმედების შედეგად, გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში ვერ შეძლოს დასაბუთებული განჩინების გაცნობა და სააპელაციო სასამართლოში არგუმენტირებული საჩივრის წარდგენა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გასაჩივრების უფლების მქონე პირი დაელოდება სასამართლოს მიერ დასაბუთებული განჩინების მიღებას, გამოითხოვს და ჩაიბარებს განჩინებას გასაჩივრებისათვის დადგენილი 48-საათიანი ვადის გასვლამდე, საჩივრის ავტორს დარჩება არაგონივრულად მცირე დრო დასაბუთებული საჩივრის მომზადებისათვის. იმავდროულად, შესაძლოა, წარმოიშვას იმგვარი სიტუაციაც, რომლის ფარგლებში, პირი, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, ვერ იღებს სასამართლოსაგან დასაბუთებულ განჩინებას, რის გამოც ვეღარ ახერხებს გასაჩივრების უფლების რეალიზებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ დროში. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარისა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები აპელირებდნენ პირის შესაძლებლობაზე, არ დაელოდოს დასაბუთებული განჩინების სასამართლოს მხრიდან მიღებას/პირის მიერ ჩაბარებას, წარადგინოს საჩივარი სავარაუდო ინფორმაციაზე/საფუძვლებზე დაყრდნობით ან ზოგადი ფორმით და დასაბუთებული განჩინების გაცნობის შემდგომ წარადგინოს დამატებითი არგუმენტები. ამგვარი ალტერნატივა წარმოშობს, სულ მცირე, დამატებით პროცესუალურ ბარიერებს გასაჩივრების ინტერესის მქონე სუბიექტისათვის, აგრეთვე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს საჩივრის ავტორის სტრატეგიასა და საჩივრის დასაბუთების ხარისხზე.

23. თავის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას ამოწმებს, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედების, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე, ჩატარების აუცილებლობას და საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას, რაც საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, გულისხმობს იმის შემოწმებას, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი საგამოძიებო მოქმედების შედეგუნარიანობის შესახებ; ან/და არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა და რამდენად შესაძლებელი იყო საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს წინასწარი ნებართვით ჩატარება; ან/და მიმდინარეობდა თუ არა ამოღების ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების პროცედურა კანონის დაცვით. პირმა, დასაბუთებული განჩინების გაცნობის გარეშე, შეუძლებელია იცოდეს, ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელი არგუმენტები გაიზიარა სასამართლომ ან/და რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს დააფუძნა ცალკეული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინება, ჩამოიყალიბოს მოსაზრება სასამართლოს მსჯელობის კანონიერებასთან დაკავშირებით და მოითხოვოს შეცდომის გამოსწორება. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების ვადის განჩინების აღსრულებიდან ათვლის პირობებში, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ გასაჩივრების ინტერესის მქონე პირმა დაკარგოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სათანადოდ არგუმენტირებული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.

24. რაც შეეხება გაცდენილი ვადის აღდგენის მექანიზმს, რომელზეც მოპასუხე მხარე, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისას, საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში არაერთხელ მიუთითებდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც აღინიშნა, როდესაც გასაჩივრების ინტერესის მქონე პირს არ გააჩნია წვდომა დასაბუთებულ განჩინებაზე, იგი იძულებული ხდება, საჩივარი მოამზადოს დაუზუსტებელ, სავარაუდო ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ზოგადი ფორმით, რამაც შესაძლოა, წარმოშვას საჩივრის შეუსაბამობა საპროცესო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნებთან და საჭირო გახდეს დამატებითი პროცესუალური მოქმედებების განხორციელება, მათ შორის, საჩივრის არგუმენტაციის დაზუსტება-განახლება ან საპროცესო ვადების აღდგენის მოთხოვნა. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას სასამართლო, თავის მხრივ, იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე 10 დღის ვადაში. ამგვარად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პირს უწევს, თავდაპირველად წარადგინოს გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობა, რაც დამატებით პროცედურას საჭიროებს, ხოლო მოგვიანებით, მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა. ამრიგად, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ პირს აქვს შესაძლებლობა, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, ვერ აქარწყლებს იმ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საჩივრის წარდგენის ვადის ათვლას განჩინების აღსრულების მომენტიდან იწყებს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი ადგენს გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციისათვის დამაბრკოლებელ ბარიერს – უფრო კონკრეტულად, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად განჩინების აღსრულების განსაზღვრის გამო, პირი მოკლებულია გონივრულ შესაძლებლობას, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გასვლამდე გაეცნოს განჩინებას და შემდგომ გადაწყვიტოს სურს თუ არა განჩინების გასაჩივრება და მოამზადოს დასაბუთებული საჩივარი. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მნიშვნელოვან უფლებრივ კომპონენტს – ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, საჩივრის შეტანის გზით, უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

3. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება

3.1. ზოგადი პრინციპები/შეფასების ტესტი

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლო განხილვის, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს აქტის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

27. ამასთანავე, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).

28. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმის გადაწყვეტის შემდგომ ეტაპზე, უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმური მიზნის/მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.

3.2. ლეგიტიმური მიზანი

29. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპების თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია, არსებობდეს ღირსი ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და ... საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები − თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

30. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მითითებით, სადავო ნორმით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლის წერტილად ამავე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინების აღსრულების მომენტის ლეგიტიმური მიზანია სისხლის სამართლის პროცესის გადატვირთვისგან დაცვა და პროცესის ეფექტიანად მიმდინარეობა, პროცესის ეკონომიურობა და დროითი რესურსის დაზოგვა.

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესი მიზანია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის. მაშასადამე, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). ამასთანავე, „სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვა არ წარმოადგენს თვითმიზანს. გადატვირთვისგან თავისუფალი სასამართლო ეფექტიანი მართლმსაჯულების არსებობის წინაპირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).

32. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისგან დაცვა, პროცესის ეკონომიკურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სასამართლოს დროითი რესურსის დაზოგვა იმ ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნებად განიხილება, რომლების მისაღწევადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული, საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვა.

3.3. გამოსადეგობა

33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

34. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულების მომენტიდან. თავის მხრივ, განჩინების აღსრულების მომენტად მიიჩნევა საგამოძიებო მოქმედების დასრულება და გამომძიებლის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერით დადასტურება. სადავო ნორმისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის შესაბამისად, საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობის შესახებ განჩინების აღსრულების მომენტიდან 48 საათის განმავლობაში, იმისგან დამოუკიდებლად, ჩაბარდა პირს განჩინება თუ არა.

35. მაშასადამე, საქმის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, სადავო რეგულაციით რამდენად მიიღწევა მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ისეთი ლეგიტიმური მიზნები, როგორებიცაა სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვა, პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სასამართლოს დროითი რესურსის დაზოგვა.

36. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ პროკურორის შუამდგომლობის განხილვისას, მოსამართლე ამოწმებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. აღნიშნული, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, გულისხმობს იმის გადამოწმებას, არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი საგამოძიებო მოქმედების შედეგუნარიანობის შესახებ ან/და გადაუდებელი აუცილებლობა და იყო თუ არა საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს წინასწარი ნებართვით ჩატარება შესაძლებელი. გარდა ამისა, ფასდება, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედება შესაბამისი პროცედურების დაცვით. საქმის მასალების განხილვისა და აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რაში გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას, საჩივრის დასაშვებად ცნობის ან დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ.

37. მაშასადამე, ერთი მხრივ, საჩივრის ავტორი ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სადავო ფორმით მიღებამ დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს ევალება, შეაფასოს, რამდენად საფუძვლიანია საჩივრის ავტორის არგუმენტები როგორც განჩინების კანონიერების, აგრეთვე დასაბუთებულობის თვალსაზრისით. აღნიშნული შეუძლებელი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საჩივრის ავტორს არ ეძლევა საშუალება, გაეცნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას და მის საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი არგუმენტაცია საჩივრის სახით. კერძოდ, როდესაც პირისათვის არ არის ხელმისაწვდომი სასამართლოს არგუმენტირებული განჩინება, მას ეზღუდება შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საფუძვლიანი და შინაარსობრივად გამართული საჩივარი. შედეგად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი და მართებული შეფასების, პირის არგუმენტების გამოკვლევის, მათი გაზიარების ან უარყოფის მოტივების განმარტების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და, საბოლოოდ, საქმეზე კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს არ აქვს საშუალება, გაეცნოს არგუმენტირებულ საჩივარსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას, მას არ შეუძლია სრულყოფილად გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული საკითხი, რაც რისკის ქვეშ აყენებს პირის უფლებას, დასაბუთებულ და მიუკერძოებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

38. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, როდესაც პირის მიერ დადგენილ ვადაში არგუმენტირებული საჩივრის წარუდგენლობა გამოწვეულია დასაბუთებული განჩინების სასამართლოს მიერ მიუღებლობით ან/და განჩინების ადრესატისათვის ჩაუბარებლობით, სააპელაციო სასამართლო იძულებული ხდება, დაელოდოს როგორც დასაბუთებული განჩინების მიღებას, ისე საჩივრის ავტორის პოზიციის წარმოდგენას განჩინების კანონიერების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ვერ შეძლებს, სრულყოფილად შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერების სრულფასოვნად და საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შემოწმების მიზნით, ერთი მხრივ, მოკლებულია დასაბუთებული საჩივრის გაცნობის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევაში, იძულებული ხდება, დაელოდოს სადავო ნორმის სუბიექტის მიმართ დასაბუთებული განჩინების მიღებას, ცხადია, რომ სადავო ნორმის მოქმედება, ამ კუთხით, სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვას ვერ ემსახურება. იმავდროულად, მიუღწეველი რჩება პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნებიც.

39. №1597 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად, როგორც აღინიშნა, სასამართლოს დროითი რესურსის დაზოგვა დაასახელა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი შეეხება არა იმას, არსებობს [უნდა არსებობდეს] თუ არა კერძო საკუთრების, მფლობელობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემზღუდველი, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა, არამედ საუბარია იმაზე, შეუძლია თუ არა პირს, საპროცესო კანონმდებლობით რეგლამენტირებული უფლებით ეფექტიანად სარგებლობა. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტის მიუხედავად – იქნება ეს განჩინების აღსრულება, ადრესატისთვის ჩაბარება თუ სხვა, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, განიხილოს პირის საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით. შესაბამისად, არ მცირდება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხთა არც რაოდენობა და არც მოცულობა. ამდენად, სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს პროცესის დროში ოპტიმიზაციას და სასამართლოს დროითი რესურსის დაზოგვას, რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ დასახელებული სასამართლოს დროითი რესურსის დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

40. მაშასადამე, სადავო რეგულაცია, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, სასამართლოს განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდის ათვლის მომენტად ამავე განჩინების აღსრულებას განსაზღვრავს, იმისაგან დამოუკიდებლად, ჩაბარდა თუ არა იგი პირადად მის ადრესატს, ვერ უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული – სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილებისა და დროითი რესურსის დაზოგვის, პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტიანობის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმა სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს პირის შესაძლებლობაზე, სასამართლოს დასაბუთებული განჩინების გაცნობის შედეგად, მოამზადოს სრულფასოვანი და არგუმენტირებული საჩივარი, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს აქტის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების მიზნებსა და აღნიშნული უფლებით პირის მიერ სრულყოფილად და ეფექტიანად სარგებლობას.

41. წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ, სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლის წერტილად მისი აღსრულების განსაზღვრა, გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებრივ კომპონენტს – ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, უფლების ან კანონიერი ინტერესის სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს №1597 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-8 ნაწილის არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ