• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 4 ნოემბრის №3/11/1620 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
      • 4.11.2022
      • do3/11/1620
      • განსხვავებული აზრი
    • ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.11.2022
      • N3/11/1620
      • საოქმო ჩანაწერი
    • ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.07.2021
      • N1620
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/8/1620 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N3/8/1620
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია,
თარიღი 25 ივლისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 25 ივლისი 2025 23:29

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი კონსულტანტი ნათია მახათაძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1620) მომართეს ლაშა ჯანაშიამ და პაატა დანელიამ. №1620 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 20 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/11/1620 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1620 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 16 და 17 მარტს და ამავე წლის 27 აპრილს.

2. №1620 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება არეგულირებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო) გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მათთვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევებს. კერძოდ, დასახელებული დებულების თანახმად, თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ზღვრულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.

5. №1620 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2019 წლის 5 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსარჩელეების მიმართ მიიღო განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საკასაციო საჩივრების განხილვაში და შესაბამისი განჩინების მიღებაში მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე, რომლის უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად იწურებოდა 2018 წლის 23 ოქტომბერს, თუმცა, სადავო ნორმის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პაატა სილაგაძეს გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე.

6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეებისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ექსკლუზიური კომპეტენცია ენიჭება საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, მათთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაც უშუალოდ საქართველოს პარლამენტი უნდა იღებდეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას ანიჭებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ამ მოსამართლით დაკომპლექტებული სასამართლო შემადგენლობის ლეგიტიმაციას, განიხილოს კონკრეტული საქმე, ისე, ზოგადად, მათ მიერ ჩატარებული პროცესის სამართლიანობას.

7. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ერთი მხრივ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, თვითნებურად, პარლამენტის გვერდის ავლით, განუსაზღვრელი ვადით გაუგრძელოს უფლებამოსილება მოსამართლეს, რაც ქმნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების საფრთხეს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლეს ექმნება მოტივაცია, ხელოვნურად გააჭიანუროს მის მიერ დაწყებული საქმეების დასრულება ან/და მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რათა ხანგრძლივი ვადით არსებობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, მისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საფუძველი და მოტივაცია. მოსარჩელის აზრით, საბოლოო ჯამში, სადავო ნორმის არსებული მოწესრიგების პირობებში, პირი კარგავს უფლებას დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, თუნდაც, საქმის სწრაფად დასრულება, რაც შესაძლოა, დასახელდეს მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების ლეგიტიმურ მიზნად.

8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ მოსამართლის მიერ საქმეთა დროულად დასრულების ინტერესი, რომელსაც ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, მაშინ, როდესაც უზენაეს სასამართლოში არსებობს მისი შემცვლელი და არ არსებობს კვორუმის პრობლემა, ვერ გადაწონის საქმის ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სასამართლოს შემადგენლობის მიერ განხილვის ინტერესს. აღნიშნულის საპირისპიროდ, ლეგიტიმაციის ინტერესს გადაწონის უზენაესი სასამართლოს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მისი პარალიზების პრევენციის კონსტიტუციური ინტერესი. შესაბამისად, როდესაც წარმოიშობა უზენაესი სასამართლოს გამართული ფუნქციონირების საფრთხე, მოსამართლის უფლებამოსილება, ამ საფრთხის აღმოფხვრამდე/მისი შემცვლელის არჩევამდე, უნდა გაგრძელდეს. მსგავს პირობებში, მართალია, მოსამართლეს აღარ აქვს პარლამენტის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, თუმცა მისი ლეგიტიმაციის წყარო ხდება თავად დასახელებული კონსტიტუციური ინტერესი.

9. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ მაშინ უნდა შეეძლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება, თუკი ამ მოსამართლის წასვლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს შესაბამის პალატაში ან/და უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში, შეიქმნება კვორუმის პრობლემა და დადგება მთლიანად უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირების საფრთხე. ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება არ უნდა იყოს დისკრეციული ხასიათის. იგი მხოლოდ ტექნიკურად უნდა ადასტურებდეს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ფაქტს.

10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმის პრობლემურობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევების კანონით მკაცრად დაურეგულირებლობა და განუზომლად დიდი დისკრეციის მინიჭება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, რომელიც არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებაზე უფლებამოსილ ორგანოს. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, უფლებამოსილების გაგრძელების ვადისა და საფუძვლების განუსაზღვრელობა და სადავო ნორმის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, „მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს“, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს სრულ თავისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც მიაღწია უფლებამოსილების განხორციელების ორგანული კანონით დადგენილ ზღვრულ ასაკს ან/და გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, გაურკვეველი დროით, თუნდაც რამდენჯერმე, გაუხანგრძლივოს უფლებამოსილება მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით, მაშინაც კი, როდესაც უზენაეს სასამართლოში კვორუმის შეკრების საფრთხე არ არსებობს.

11. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ამგვარი მოწესრიგება წარმოშობს რისკებს, რომ უფლებამოსილების გაგრძელების პერიოდში (გარდა სასამართლოს პარალიზების საფრთხისგან მომდინარე უფლებამოსილების გაგრძელების გამონაკლისი შემთხვევისა), უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ იქნება დამოუკიდებელი, ვინაიდან მას ეცოდინება, რომ მისი უფლებამოსილების გაგრძელება სრულად არის დამოკიდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებაზე. ამას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკა, რომელმაც დროის განსხვავებულ მონაკვეთში, სხვადასხვა მოსამართლეს უფლებამოსილება გაუგრძელა განსხვავებული ვადით. ამ რისკებს დამატებით ზრდის ის მოცემულობა, რომ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტის ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის მექანიზმი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს დისკრეციას, უფლებამოსილება გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულების საფუძვლით მაშინ, როდესაც პალატაში დარჩენილი მოსამართლეები ისედაც ქმნიან საქმის განსახილველად აუცილებელ კვორუმს და არ არსებობს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხების საფრთხე.

13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

14. მოპასუხე მხარის განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია შეეხებოდა მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხს, მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემთხვევაში და არა ზღვრული ასაკის მიღწევისას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა მხოლოდ პირველ შემთხვევასთან მიმართებით უნდა შეაფასოს. ამავდროულად, მოპასუხის პოზიციით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გაირკვა, რომ უშუალოდ მოსარჩელეებთან მიმართებით, სადავო ნორმა არ გამოყენებულა გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით, შესაბამისად, საქმე გვაქვს actio popularis შემთხვევასთან და საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.

15. მოპასუხე მხარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების საკითხებს არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო მოსამართლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ვადების დადგენას იგი მიანდობს ორგანულ კანონს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს როგორც უფლებამოსილების განხორციელების ვადას და ზღვრულ ასაკს, ისე უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობას, კონკრეტული დათქმებითა და წინა პირობებით.

16. რაც შეეხება მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მინდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქმნება საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით. შესაბამისად, ამ ორგანოს საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული ლეგიტიმაცია, გადაწყვიტოს მოსამართლეთა უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი. მოპასუხე მხარეს არათანმიმდევრულად მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში, იგი ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ მიიჩნევს პარლამენტს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე პასუხისმგებელ მთავარ ინსტიტუციას და, ამავდროულად, თავადვე უშვებს გამონაკლისს ამ მოწესრიგებიდან. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს პალატებში კვორუმის არარსებობისას, მას ლეგიტიმურად და კონსტიტუციურად მიაჩნია მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელება არა პარლამენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

17. მოპასუხის მოსაზრებით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და მისი უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევები. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისას მოწმდება მისი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება. უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში კი, პირის თანამდებობასთან შესაბამისობა უკვე დადგენილია და მისი ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორიენტირდება მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზანზე და ამ ორგანოში დაგროვილი ექსპერტული ცოდნისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, მოსამართლის მიმართ იღებს მენეჯერული ხასიათის ადმინისტრაციულსამართლებრივ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელებას არ აქვს კავშირი მის ლეგიტიმაციასთან, კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან. შედეგად, გასაჩივრებული ნორმა არ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევას.

18. მოპასუხის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღება საკითხის დროებითი მოწესრიგების მიზნით. პარალელურ რეჟიმში, ორგანული კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ავალდებულებს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას, რათა დროულად მოხდეს უფლებამოსილებაგაგრძელებული მოსამართლის ჩანაცვლება ახალი მოსამართლით. შესაბამისად, კანონმდებლობა მაქსიმალურად აზღვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს.

19. თავის მხრივ, ვერც თავად მოსამართლე მოახერხებს საქმეების დასრულების ხელოვნურად გაჭიანურებას, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნიდან გამომდინარე, სასამართლოს მენეჯმენტის დეპარტამენტის დახმარებით, მუდმივ მონიტორინგს უწევს მოსამართლის საქმიანობას. შესაბამისად, თუ იგი დაინახავს, რომ მოსამართლე ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების დასრულებას და მუშაობს არაეფექტიანად, ბუნებრივია, ასეთ მოსამართლეს არ გაუგრძელებს უფლებამოსილებას, ხოლო, თუ მოსამართლეს უფლებამოსილება უკვე გაგრძელებული აქვს, შეუწყვეტს მას. მეტიც, მსგავს შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მოსამართლის მიმართ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწყებული საქმეების დროულად დასრულების მიზნით, იმ მოსამართლეს, რომელსაც გაუგრძელდა უფლებამოსილება, ახალი საქმეები არ ეწერება. მოპასუხის პოზიციით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, შესაბამისად, კონკრეტული მოსამართლე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს, რაც კიდევ უფრო ართულებს, ცალკეული მოსამართლის მხრიდან, საქმის განხილვის ხელოვნური გაჭიანურების შესაძლებლობას. აღნიშნულის ფონზე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის მხრიდან საქმეების ხელოვნურად გაჭიანურების საფრთხე არ არის რეალისტური, ხოლო ასეთი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, იგი არის მარტივად აღმოფხვრადი.

20. მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და, შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით, მისი შემოწმება არ დგას დღის წესრიგში. რაც შეეხება, ზოგადად, სადავო ნორმის შემოღების მიზანს, მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტი ემსახურება საქმეების განხილვის უწყვეტობისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს, რაც, თავის თავში, მოიაზრებს აგრეთვე სწრაფ მართლმსაჯულებასა და სასამართლოში არსებულ საქმეთა ნაკადის ეფექტურ მართვას.

21. მოპასუხის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს არა მხოლოდ ცალკეული პალატის დატვირთულობას და ამ პალატაში კვორუმის არსებობა-არარსებობას, არამედ მთლიანად სასამართლოს გადატვირთულობას. შესაძლოა, უზენაეს სასამართლოში თეორიულად არსებობდეს ერთი პალატიდან მეორე პალატაში მოსამართლის გადაყვანის ან/და ვადაგაგაგრძელებული მოსამართლის საქმეების სხვა მოსამართლეზე გადაწერის შესაძლებლობა, თუმცა ჩამნაცვლებელი მოსამართლის ან/და მისი პალატის დატვირთულობიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელებისა და საქმეების დროულად დასრულების მიზნის მისაღწევად, ბევრად ეფექტიანი იყოს ვადაგაგრძელებული მოსამართლისთვის უფლებამოსილების დროებით გაგრძელება.

22. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოპასუხე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

23. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, №1620 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი კონსულტანტი ─ ნათია მახათაძე.

24. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მისი ინდივიდუალური შეფასება არ ხორციელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების საფუძველზე. უფლებამოსილების გაგრძელების მიზანი არ არის მოსამართლისათვის სტატუსის შენარჩუნება. შესაბამისად, მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება არ უნდა განიმარტოს, როგორც მისი თანამდებობაზე არჩევის ალტერნატივა. ეს ინსტიტუტი ემსახურება საქმის წარმოების სტაბილურობის, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მეშვეობით, პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვას. შესაბამისად, იგი თავსებადია საქმეთა უწყვეტობისა და მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპებთან.

25. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განცხადებით, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების არსებული ინსტიტუტის ერთადერთ და რეალურ მიზანზე ნათლად მიუთითებს ამ ინსტიტუტის მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკაში მისი გამოყენების შემთხვევების სისტემური ანალიზი, კერძოდ, მოსამართლეს უფლებამოსილება უგრძელდება მასზე უკვე განაწილებული საქმეების დასრულების მოტივით. ამიტომაცაა, რომ ამ პერიოდში ამ მოსამართლეზე ახალი საქმეები აღარ ნაწილდება, მეტიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის 141 პუნქტის თანახმად, მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება მის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან/და მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში.

26. გარდა ამისა, თავად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი, მოსამართლეს, რომელსაც გაუგრძელდა უფლებამოსილება, უზღუდავს ადმინისტრაციული და მენეჯერული ხასიათის თანამდებობების დაკავების უფლებას, რაც ასევე ნათლად მიანიშნებს, რომ მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება ემსახურება მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეთა დასრულების და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნებს.

27. სწორედ აქედან გამომდინარე, უფლებამოსილების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა არ ფასდება, არამედ ხორციელდება სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. კერძოდ, მუშავდება საქმეთა ნაკადთან დაკავშირებული ინფორმაცია, პალატის შემადგენლობაში არსებული და თითოეულ მოსამართლეზე განაწილებული საქმეების რაოდენობა და, ამ ყველაფრის საფუძველზე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ორგანოს, რომელიც აწარმოებს/ამუშავებს ამ მონაცემებს და გააჩნია ექსპერტული ცოდნა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით, წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მეტიც, საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით, სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა პასუხისმგებელი სასამართლოში მსგავსი საკითხების ეფექტიან ადმინისტრირებაზე, ისევე, როგორც მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე.

28. მოსამართლის მხრიდან საქმეების განხილვის ხელოვნური გაჭიანურებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების გაგრძელების მექანიზმის ბოროტად გამოყენების რისკებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ რისკების მინიმიზაციასა და თავიდან აცილებას.

29. საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ პრაქტიკაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება არ ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითინიციატივით. მას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს და წინ უძღვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა. ამდენად, თავდაპირველად, უშუალოდ უზენაესი სასამართლო, ხოლო შემდგომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის თანამდევ რისკებსა და მისი გაგრძელების გონივრულობას. სწორედ ამიტომაა საჭირო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გარკვეული დისკრეციის მინიჭება, რათა მან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად, მიიღოს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნის მისაღწევად გამოსადეგი გადაწყვეტილება. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებით, უფლებამოსილების გაგრძელების მექანიზმის ქმედითობა და ეფექტიანობა გამოცდილი და დადასტურებულია პრაქტიკაში. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელზეც აპელირებდა მოსარჩელე მხარე, უფლებამოსილების ვადის გასვლის მომენტისათვის წარმოებაში ჰქონდა 218 საქმე, მას გაუგრძელდა უფლებამოსილება რვა თვით, რომლის გასვლის შემდგომ, 218 საქმიდან გადასაწყვეტი დარჩა მხოლოდ 25.

30. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის პოზიციით, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ხისტი გადაწყვეტის პირობებში, ეს მექანიზმი ვერ იქნება ქმედითი და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. კერძოდ, ყოველ ჯერზე, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაუგრძელებლობა, შესაძლოა, საფრთხეს არ უქმნიდეს კვორუმის არსებობას, თუმცა მოსამართლის დასამთავრებელი საქმეების მოცულობიდან და რაოდენობიდან, ასევე სხვა მოსამართლეების დატვირთულობიდან გამომდინარე, მისთვის უფლებამოსილების გონივრული ვადით გაგრძელება კვლავაც იყოს აუცილებელი მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნიდან გამომდინარე.

31. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, პრაქტიკაში, საბჭო მოსამართლეს უფლებამოსილებას უგრძელებს საქმეების დასრულებამდე ან ვაკანსიის შევსებამდე. უფლებამოსილების ვადის განსაზღვრისას, იგი ხელმძღვანელობს მოსამართლის მონაწილეობით განსახილველ საქმეთა რაოდენობით და მოცულობით, აგრეთვე მხედველობაში იღებს უზენაეს სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის კანონით დადგენილ ვადებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემდგომშიც აკონტროლებს, რამდენად ეფექტიანად ახორციელებს მოსამართლე საქმიანობას უფლებამოსილების გაგრძელების პერიოდში და რამდენად ხდება ამ ინსტიტუტის ლეგიტიმური მიზნების რეალიზება. წარმომადგენლის განმარტებით, საერთო სასამართლოების პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც მოსამართლეს შეუწყდა გაგრძელებული უფლებამოსილება სწორედ იმ მოტივით, რომ იგი ეფექტიანად არ ასრულებდა თავის მოვალეობას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების სადავო მექანიზმი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

1. №1620 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა. დასახელებული ნორმის თანახმად, თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.

2. აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. გასაჩივრებული რეგულაცია გამოყოფს მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ორ შემთხვევას, რა დროსაც, დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით, დღის წესრიგში შესაძლოა, დადგეს მისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საჭიროება. კერძოდ, ეს შემთხვევებია ზღვრული ასაკის მიღწევა ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა.

3. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი ზღვრული ასაკი შეადგენს 65 წელს. რაც შეეხება თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლას, ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას არა უვადოდ, არამედ არანაკლებ 10 წლის ვადით. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე განიხილა სწორედ იმ მოსამართლემ, რომელიც 10 წლის ვადით იყო განწესებული და რომელსაც, სადავო ნორმის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუგრძელდა უფლებამოსილება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტის გამოყენების კონსტიტუციურობას როგორც ზღვრული ასაკის მიღწევის, ისე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის საფუძველზე.

4. ამდენად, სადავო ნორმა უშვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობას, თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მან მიაღწია 65 წლის ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა. ამასთანავე, ვინაიდან, უზენაესი სასამართლო სტრუქტურულად დაყოფილია პალატებად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება შეიძლება გაუგრძელდეს მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეზე, შესაბამისი პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

5. როგორც კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მონაწილეობით დაწყებულ საქმეში შესაძლოა, მოიაზრებოდეს ყველა ის საქმე, რომელშიც ზღვრული ასაკის მიღწევის ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ეს მოსამართლე მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, სამართალწარმოების რა ეტაპზეა ეს საქმე და არის თუ არა ხსენებულ საქმეზე უშუალოდ ეს მოსამართლე დანიშნული მომხსენებელ მოსამართლედ. აღნიშნული საკითხი, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაადასტურა, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა.

6. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარგებლობს გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილებით. სადავო ნორმა მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების აუცილებელ წინაპირობად ასახელებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტისათვის, მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობას, თუმცა ამგვარი მოცემულობის არსებობა a priori არ არის მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების გარანტია. როგორც თავად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა განმარტა, უფლებამოსილების ვადის გასვლის მომენტისათვის, შესაძლოა, მოსამართლეს დაუმთავრებელი ჰქონდეს მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეების განხილვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ ჩათვალოს საჭიროდ მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება. მსგავსად ამისა, მოსამართლეს უფლებამოსილება შესაძლოა გაუგრძელდეს, მაქსიმუმ, მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეების დასრულებამდე, თუმცა შესაძლოა, გაგრძელებული უფლებამოსილების კონკრეტული ვადის ამოწურვის ან/და სხვა მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტის საბოლოო მომენტისათვის, მოსამართლეს არ ჰქონდეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, მის წარმოებაში არსებულ ყველა საქმეზე.

7. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა, თუმცა უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, გადამწყვეტი ფაქტორი არის ის საფრთხე, რომელიც მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამ შესაძლოა შეუქმნას ეფექტიან მართლმსაჯულებას. ამიტომაცაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებებში, კონკრეტული მონაცემების მოშველიებით, მიუთითებს მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ან/და მის წარმოებაში არსებული დაუმთავრებელი საქმეების პალატის სხვა მოსამართლეებზე განაწილებით, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მნიშვნელოვანი შეფერხების საფრთხეზე.

8. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას და აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმეში შესაფასებელ მოცემულობას, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ზღვრული ასაკის მიღწევისას ან/და თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემთხვევაში, უფლებამოსილება გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მის წარმოებაში არსებული საქმეების დასასრულებლად, ამ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ, როდესაც მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოშობს უზენაესი სასამართლოს პალატაში კვორუმის შეკრებისა და, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პარალიზების საფრთხეს.

9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, მსგავს შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, თავისთავად, არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად, მათთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხიც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს პარლამენტმა და არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტის კანონით მკაფიოდ დაურეგულირებლობა და, ამ ფონზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამგებლობაში ფართო დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ქმნის ამ ინსტიტუტით მანიპულირების ნოყიერ ნიადაგს და ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობას ვადის გაგრძელების პერიოდში.

10. საბოლოო ჯამში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ის უფლებრივი კომპონენტი, რომელიც იცავს საქმის განხილვას დამოუკიდებელი და შესაბამისი ლეგიტიმაციის მქონე სასამართლოს მიერ.

2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულებაა ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტია.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადასტურებულია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მრავალი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება. იგი პირს აღჭურავს მთელი რიგი პროცედურული ხასიათის გარანტიებით, რათა მან მიაღწიოს სამართლიან მართლმსაჯულებას. თუმცა, ცხადია, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების მთავარი ფიგურა არის თავად სასამართლო და მოსამართლე, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პროცედურული გარანტიებით პირის აღჭურვას აზრი დაეკარგება და სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ იქნება რეალიზებული, თუ საქმის განხილვა არ მოხდება კანონის საფუძველზე შექმნილი, შესაბამისი ლეგიტიმაციის მქონე და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. აქედან გამომდინარე, პირის წვდომა ლეგიტიმურ და დამოუკიდებელ სასამართლოზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების საბაზისო და ფუნდამენტური მნიშვნელობის ნაწილს წარმოადგენს.

13. შესაბამისად, ყველა იმ ინსტიტუტის შეფასებისას, რომელმაც შესაძლოა, რაიმე ფორმით, საფრთხე შეუქმნას სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ლეგიტიმაციას, საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენა მართებს. იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება საერთო სასამართლოების სისტემაში უმაღლეს სასამართლო ინსტანციას - საკასაციო სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „...მარტოოდენ საქართველოს უზენაესი სასამართლოა პასუხისმგებელი საკუთარი პრეცედენტებით დაადგინოს ქართულ მართლმსაჯულებაში ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და, ამ გზით, განუსაზღვროს ძირითადი მიმართულებები ქვედა ინსტანციების სასამართლოებს, ჩამოაყალიბოს და დაამკვიდროს სამართლებრივი მიდგომები, პრინციპები, სტანდარტები, განმარტოს ნორმები და იკისროს უზენაესი სამართლშემფარდებლის ფუნქცია. ... იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დამკვიდრებას, სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ამასთანავე, უზენაეს სასამართლოს, როგორც საერთო სასამართლოთა სისტემაში საბოლოო ინსტანციის სასამართლოს, ისე, როგორც არც ერთ სხვას, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამორიცხოს სამართლებრივი შეცდომისა თუ მართლმსაჯულების განზრახ გამრუდების ყოველგვარი საფრთხე, რათა შეუძლებელი არ გახადოს დამდგარი შედეგების, მათ შორის, დარღვეული უფლებების აღდგენა-გამოსწორება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14,15). ცალსახაა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობის, სამართლიანი სასამართლოსა თუ სხვა უფლებების ქმედითობის უზრუნველყოფის პროცესში უნიკალური და შეუცვლელია უზენაესი სასამართლოს თითოეული მოსამართლის როლი და პროფესიული ტვირთი.

14. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიმართ ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნა მიემართება როგორც, ზოგადად, სასამართლოს, ისე ამ სასამართლოს შემადგენლობას ინდივიდუალური მოსამართლეების დონეზე, ინსტიტუციურად და პერსონალურად.

15. იმისათვის, რომ პირის უფლება ლეგიტიმურ მართლმსაჯულებაზე ჩაითვალოს უზრუნველყოფილად, პირველ რიგში, სასამართლოს ფორმირება და მის შემადგენლობაში არსებული მოსამართლეების თანამდებობაზე განწესება უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე. აღნიშნული ასახავს კანონის უზენაესობის პრინციპს და უზრუნველყოფს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ორგანიზაცია არ იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციაზე. სასამართლოს, რომელიც არ არის შექმნილი საკანონმდებლო ორგანოს განზრახვების შესაბამისად, არ აქვს ლეგიტიმაცია, რომელიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი დავების გადასაწყვეტად.

16. სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის რეკვიზიტს წარმოადგენს. მის გარეშე სასამართლო ვერ შეძლებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას და დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად, დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

17. სასამართლოს დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ მოსამართლე არ უნდა იყოს სუბორდინაციულ მდგომარეობაში გარეშე პირთან ან ორგანოსთან, როგორც განწესების ეტაპზე, ისე საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში; დაცული უნდა იყოს ყოველგვარი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გარე ჩარევისაგან; არავის უნდა შეეძლოს მისთვის ინსტრუქციის მიცემა, მასზე პოლიტიკური ზეგავლენის, მანიპულაციის ან ისეთი ზეწოლის მოხდენა, რომელიც გავლენას იქონიებს მის გადაწყვეტილებაზე. კანონი მოსამართლეს უნდა აღჭურავდეს სათანადო გარანტიებით და იმგვარად უნდა არეგულირებდეს სასამართლოს ფორმირების, მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თუ საქმიანობის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს, რომ არ უნდა იძლეოდეს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას და, ამასთანავე, მათი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ, გონივრული ეჭვის წარმოქმნის საფუძველს ობიექტური დამკვირვებლის გადმოსახედიდან.

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი მართლმსაჯულება მოითხოვს არა მხოლოდ ყველა საჭირო, საკმარისი და ადეკვატური პროცედურითა თუ გარანტიით სასამართლოს აღჭურვას, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მის ასეთად აღქმადობას საზოგადოების და დავის მონაწილეთა მხრიდან. სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას, ცხადია, პირველ რიგში, განაპირობებს და უზრუნველყოფს სასამართლოს (მოსამართლეთა) ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ამასთან, გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის დამაჯერებელი ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ინსტიტუტისადმი მხარეთა და, ზოგადად, საზოგადოების ნდობას, რომელიც ზემოაღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებითაც იქმნება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ─ ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-101). მაშასადამე, სასამართლო არა მხოლოდ უნდა იყოს დამოუკიდებელი, არამედ იგი ასეთად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების თვალში, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ.

19. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების მომწესრიგებელ კანონმდებლობას, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოს ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხზე. სადავო ნორმა, მართალია, არეგულირებს მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს, თუმცა უდავოა, რომ სასამართლოს მიმართ ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხის მოთხოვნა უცვლელია მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების პირობებში. სხვაგვარად, პირის უფლება, მისი საქმე განიხილოს შესაბამისი ლეგიტიმაციის მქონე დამოუკიდებელმა სასამართლომ და, აქედან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების დაცვის ხარისხი ვერ იქნება განსხვავებული და დამოკიდებული იმაზე, მოსამართლე საქმიანობას ახორციელებს შესაბამისი ვადის პირობებში თუ ამ ვადის/ზღვრული ასაკის მიღწევის შემდგომ, დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით, უფლებამოსილების დროებით გაგრძელების საფუძველზე.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ შეფასდეს სადავო ინსტიტუტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, უნდა გაირკვეს რამდენიმე საკითხი. კერძოდ: 1) კრძალავს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატაში არ დგას კვორუმის შეკრების საფრთხე; 2) აქვს თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების კომპეტენცია და 3) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტის საკანონმდებლო მოწესრიგება ხომ არ წარმოშობს გონივრულ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობასთან მიმართებით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ზღვრული ასაკის მიღწევისას ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემთხვევაში, საქმეების დასრულების მოტივით, მისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ზღვრული ასაკის მიღწევისას ან/და თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემთხვევაში, საქმეების დასრულების მოტივით, მისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, როგორია კონსტიტუციური წესრიგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების ვადასთან მიმართებით. კერძოდ, პირველ რიგში, შესაფასებელია, კონსტიტუციის ტექსტი ექსპლიციტურად ხომ არ განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების განხორციელების ზედა ზღვარს და გამორიცხავს ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

22. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი“. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმიანობის განხორციელების ზედა ზღვარს თავად არ ადგენს და არც მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელებას კრძალავს, პირიქით, იგი ხაზს უსვამს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადოდ განწესებას, თუმცა იქვე ამატებს მეორე პირობას და ამ საკითხის მოწესრიგებას მიანდობს ორგანულ კანონს. თავის მხრივ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს როგორც იმ ასაკს, რომლის მიღწევის მომენტშიც, როგორც წესი, მოსამართლეს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, უწყდება უფლებამოსილება, ასევე გამონაკლისს ამ წესიდან, საქმეების დასრულების მოტივით, მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე.

23. ამავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტის მომწესრიგებელი სადავო ნორმა ფუნქციონირებდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ფარგლებშიც. საგულისხმოა, რომ 2018 წლის 16 დეკემბრამდეც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის კონსტიტუცია ადგენდა უფლებამოსილების განხორციელების მხოლოდ ქვედა ზღვარს, აღნიშნული ჩანაწერის დატვირთვაზე განმარტება მოიძებნება თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაშიც. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი“. მოცემული კონსტიტუციური დებულება ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად განწესებული პირი მხოლოდ 10 კალენდარული წლის განმავლობაშია აღჭურვილი შესაძლებლობით, შეასრულოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში. აღნიშნული კონსტიტუციური ჩანაწერი კანონმდებელს არ უტოვებს საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების დისკრეციას. მაგალითისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით“. მოცემული დებულების მიხედვით, კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის დისკრეციის მხოლოდ ქვედა ზღვარს - „არანაკლებ 10 წლის ვადით“. აღნიშნული ჩანაწერისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიან ვადას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-70-71).

24. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების არც ერთ ეტაპზე, საქართველოს კონსტიტუცია ექსპლიციტურად არ გამორიცხავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმეების დამთავრების მოტივით მისი უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობას.

25. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, იაზრებს რა უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობას ადამიანის უფლებების სრულყოფილი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით და კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3,4), კონსტიტუციის მოთხოვნებთან თავსებადად მიაჩნია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობა, მათი მონაწილეობით დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის, ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მოსამართლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით არ იქმნება უზენაესი სასამართლოს პალატაში კვორუმის არსებობისა და, შედეგად, სასამართლოს პარალიზების საფრთხე. სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმი მიზნად ისახავს მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე გადაწყვეტილების დროულად გამოტანას, რაც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების ინსტიტუტის შემოღებას ობიექტურად ხსნის და წარმოადგენს სწრაფი/დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებას.

26. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ, მოსამართლეებისათვის, გარკვეული დროით, უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტი მოქმედებს სხვადასხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით, უშუალოდ სახელმწიფოს გადასაწყვეტია, შეიმუშავებს თუ არა მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მექანიზმს. მთავარია, ასეთი მექანიზმის შემუშავების შემთხვევაში, იგი იმგვარად მოწესრიგდეს, რომ არ დაარღვიოს სასამართლოს დამოუკიდებლობა (იხ., ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Commission v. Poland, საქმე C-619/18, EU:C:2019:531).

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ზოგადად, საქმეების დასრულების მოტივით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტი თავსებადია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ

28. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ექსკლუზიური კომპეტენცია მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, მათთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაც, უშუალოდ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს მიღებული. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას ანიჭებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ მოსამართლით დაკომპლექტებული სასამართლო შემადგენლობის ლეგიტიმაციას.

29. სადავო ნორმისა და მისი გამოყენების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება თვისობრივად არ უთანაბრდება მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას ან ამ თანამდებობაზე მის განმეორებით დანიშვნას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა არ არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიიღებოდეს აუცილებლად პარლამენტის მიერ.

30. კერძოდ, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება ხორციელდება ზღვრული ასაკის მიღწევამდე, მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსამართლე აღარ იკავებს რაიმე მენეჯერულ თუ ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოს სისტემაში. უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე და არა მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისთვის განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე, ვინაიდან არაგონივრული იქნებოდა, მოსამართლის მიერ ზღვრული ასაკის მიღწევა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ან/და უფლებამოსილების ვადის ამოწურვა, თავისთავად, მიიჩნეოდეს უვადოდ ან არანაკლებ 10 წლის ვადით განწესებული მოსამართლის კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაში (რაც წარმოადგენს მოსამართლისათვის კონსტიტუციით წაყენებულ კრიტერიუმებს) ეჭვის შეტანის საფუძვლად.

31. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, გარდა იმ ობიექტური მოცემულობისა, რომ მას დარჩენილი უნდა ჰქონდეს განსახილველი საქმეები, საჭიროებს ისეთი საკითხების გამოკვლევას, როგორებიცაა უზენაეს სასამართლოში საქმეთა ნაკადის სტატისტიკური ანალიზი, პალატების დატვირთულობა, პალატაში არსებულ მოსამართლეებზე განაწილებული საქმეების რაოდენობა და სირთულე, უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში, მოსამართლის მიერ საქმეების დასრულების რეალისტურობა და სხვა. ყოველივე აღნიშნულის შესწავლასა და შეფასებაზე პასუხისმგებელი ორგანო კი არის სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ამ უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის დახმარებით. საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო, რომელიც შექმნილია სწორედ საერთო სასამართლოების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით.

32. დამატებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბოლოო შერჩევას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავიდანვე აქტიურად არის ჩართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე განწესებაში. სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას კონკურსისა და მთელი რიგი შეფასებების საფუძველზე, ამიტომ მისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების დროებით გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მინდობა, სავსებით გონივრულია.

33. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, საქმეების დასრულების მოტივით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება გაუგრძელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ კონკრეტული, უფლებამოსილებაგაგრძელებული მოსამართლის მონაწილეობით შემდგარ სასამართლო შემადგენლობას არალეგიტიმურად ვერ აქცევს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობა მისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების პერიოდში

34. როგორც უკვე აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლების განსამტკიცებლად, სასამართლოს მიმართ წაყენებული დამოუკიდებლობის მოთხოვნა სრულყოფილად მიემართება მოსამართლეს, მათ შორის, უფლებამოსილების ვადის გაგრძელების პირობებში. შესაბამისად, ზოგადად, ამ ინსტიტუტის დასაშვებობის დადგენის შემდგომ, უნდა გაირკვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების ინსტიტუტის არსებული მოწესრიგება, ხომ არ აყენებს ეჭვქვეშ სასამართლოს/ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.

35. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ რეალურ ეჭვებს აჩენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევების კანონით მკაცრად დაურეგულირებლობა, კერძოდ, უფლებამოსილების გაგრძელების ვადისა და საფუძვლების კანონის დონეზე განუსაზღვრელობა და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის განუზომლად დიდი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო რეგულაცია არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და არალეგიტიმურად აქცევს იმ მოსამართლის მონაწილეობით შექმნილ სასამართლოს შემადგენლობას, რომელსაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა.

36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხს წყვეტს არა რომელიმე პოლიტიკური ორგანო, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებიდან, არამედ საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ მოსამართლეები და რომლის მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხზე, უკვე არაერთხელ ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

37. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების არსებული კონსტიტუციური მოდელი, მისი შემადგენლობა და გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღების წესი უზრუნველყოფს საბჭოს შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილ და პოლიტიკურად ნეიტრალურ ორგანოდ ჩამოყალიბებას, რომელიც სარგებლობს დამოუკიდებლობის მაღალი კონსტიტუციური გარანტიებით და შესწევს უნარი, სრულფასოვნად განახორციელოს კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული ფუნქციები ისე, რომ არ გადაიქცეს დახურულ, ვიწროდ კორპორატიულ ინტერესებზე ორიენტირებულ სტრუქტურად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27-34).

38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მინდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, მნიშვნელოვნად აზღვევს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოების მხრიდან და, ზოგადად, მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. შესაბამისად, გადასაწყვეტი რჩება საკითხი, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, სადავო ნორმა ხომ არ განიმარტება იმგვარად, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალში ტოვებდეს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, რაიმე რეალური გავლენის მოხდენის შთაბეჭდილებას. ამისათვის უნდა გაანალიზდეს როგორც განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ ინსტიტუტის გამოყენების არსებული პრაქტიკა.

39. პირველ რიგში, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება მიზანმიმართულია მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმეების დროულად გადაწყვეტისაკენ. მაშასადამე, ემსახურება დროული, ეფექტიანი და ქმედითი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სასამართლო განხილვა ჩატარდეს და გადაწყვეტილება მიღებული იქნეს გონივრულ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება, ერთი მხრივ, ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას და, მეორე მხრივ, არაგონივრულად ხანგრძლივი/გაჭიანურებული პროცესის შედეგად, უფლების დაცვის საშუალება კარგავს თავის ეფექტიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7, 9). შესაბამისად, საქმის დროული განხილვა და გადაწყვეტა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ცალკეულ შემთხვევაში, დროში გაჭიანურებულმა მართლმსაჯულებამ შესაძლოა, არსებითად დააზიანოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამდენად, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტი, რამდენადაც ის გამოიყენება ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სიკეთეების დაცვაზე ორიენტირებით, წარმოადგენს დროული და ქმედითი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მექანიზმს და, მაშასადამე, მიმართულია მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სიკეთეების დაცვისკენ.

40. იმავდროულად, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აბსოლუტურ დისკრეციაში მოქცეული საკითხი. კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ საფუძვლებს, როდესაც ამ მექანიზმის გამოყენება არის დასაშვები და მაქსიმალურ ვადას, რა ვადამდეც შესაძლოა, მოსამართლეს უფლებამოსილება გაუგრძელდეს. კერძოდ, სადავო მექანიზმის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, რა დროსაც, მას უფლებამოსილება შესაძლოა გაუგრძელდეს, მაქსიმუმ, პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ავალდებულებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურა. ამდენად, მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელება ატარებს დროებით ხასიათს და აღნიშნული მექანიზმი სწორედ ამგვარად გამოიყენება პრაქტიკაშიც.

41. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც პრაქტიკით დასტურდება, დაწყებული საქმეების დასრულების მიზანთან ერთად, არის ამ მექანიზმის ამოქმედების რეალური საფუძველი, ობიექტურად რთულია იმ შემთხვევებისა და კონკრეტული კრიტერიუმების წინასწარ მკაცრად განსაზღვრა, როდესაც დგება უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების რეალური საჭიროება. ეს სირთულე გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საჭიროება და რელევანტურობა დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე, მაგალითად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში უზენაეს სასამართლოში არსებულ საქმეთა ნაკადზე, პალატაში მოსამართლეების რაოდენობაზე, თითოეული მოსამართლის დატვირთულობაზე და ა.შ. სწორედ ამ ობიექტური რეალობით აიხსნება მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების განსხვავებული ვადებით გაგრძელების ფაქტი, რომელზეც მიუთითებდა მოსარჩელე მხარე. სხვაგვარად, შესაძლებელია, უფლებამოსილების შეწყვეტის სხვადასხვა დროს, უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს დასამთავრებელი ჰქონდეს თანაბარი რაოდენობის საქმე, თუმცა ზემოთ დასახელებული ფაქტორების გათვალისწინებით, მათ განსხვავებული ვადებით გაუგრძელდეთ ან რომელიმე მათგანს საერთოდ არ გაუგრძელდეს მოსამართლის უფლებამოსილება, რაც, თავისთავად, არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ ინსტიტუტს იყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობის დათრგუნვის მიზნით.

42. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმით მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების ინსტიტუტი მოქმედებს და, პრაქტიკულად, გამოიყენება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების რაიმე თვითნებურ შემთხვევაზე ან/და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებული/მოტივირებული იქნებოდა მისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების გაგრძელებასთან.

43. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეისწავლა სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკული მაგალითები, საიდანაც ნათლად იკვეთება, როგორ განმარტავს სადავო ნორმას იუსტიციის უმაღლესი საბჭო და რა გარემოებებს იღებს მხედველობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში.

44. კერძოდ, პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება, დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით, ატარებს დროებით ხასიათს და ხორციელდება იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული ობიექტური მიზეზებით დგინდება, რომ მოსამართლისათვის ვადის გაუგრძელებლობა წარმოშობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მნიშვნელოვანი შეფერხების რისკებს. ეს ობიექტური მოცემულობა ყოველ ჯერზე დასტურდება ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, უზენაესი სასამართლოს პალატებში საქმეთა და მოსამართლეთა რაოდენობის, თითოეულ მოსამართლეზე განაწილებული საქმეებისა და უშუალოდ იმ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმეების რიცხოვნობის ურთიერთმიმართების შეფასების შედეგად, რომლის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხიც დგას დღის წესრიგში.

45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, ზღვრული ასაკის მიღწევისას ან/და თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვისას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს არა პოლიტიკური, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობაზე პასუხისმგებელი საერთო სასამართლოების სისტემის კონსტიტუციური ორგანო ─ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ახსნას ექვემდებარება კანონმდებლობით მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევების მომწესრიგებელი მკაცრი კრიტერიუმების არარსებობა და, ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სადავო ნორმის განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკა ნათლად მიანიშნებს სადავო ინსტიტუტის გამოყენების ლეგიტიმურ მიზანსა და უფლებამოსილების ვადის გაგრძელების დროებით ხასიათზე, სადავო ინსტიტუტის არსებული მოწესრიგება არ ქმნის ობიექტური დამკვირვებლის გადმოსახედიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის პირდაპირ ან ირიბად, რაიმე რეალური საფრთხის მიყენების შესაძლებლობას. სადავო ნორმა და მისი გამოყენების პრაქტიკა, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, არ წარმოშობს გონივრულ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ იქნება დამოუკიდებელი. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში, მოსარჩელე მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზიების სერიოზულობა არ დასტურდება.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების სადავო ნორმით დადგენილი ინსტიტუტი და მისი არსებული მოწესრიგება, თავსებადია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებასთან და არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. შედეგად, №1620 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1620 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ