სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
| დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
| ნომერი | ac1979 |
| ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
| თარიღი | 19 ნოემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითზე; №1979
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
2026 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. კერძოდ, სარჩელის ავტორების მოთხოვნას წარმოადგენს პარტიების: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების, იმავე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დასახელებული სარჩელის გაცნობის შედეგად, გამოიკვეთა, რომ წინამდებარე საქმის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა არაერთ უფლებრივ საკითხზე, რომელთა შორისაა პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სათანადო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა სახალხო დამცველს საშუალებას აძლევს, სასამართლოს მიაწოდოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმატიული ან ფაქტობრივი სახის ინფორმაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. წინამდებარე სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიზანს წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განვითარებული პრაქტიკის განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება.
A. გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფერო
i. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაერთიანების თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული დაცულობით ფასდება; პრეცედენტულ სამართალში, სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული დემოკრატიასთან და პლურალიზმთან.[1] თავის მხრივ, სასამართლოს მითითებით, პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ გაერთიანების ისეთ ფორმას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის, ხოლო პარტიების როლის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი ზომა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გაერთიანების თავისუფლებაზე, არამედ, დემოკრატიაზე;[2]
ii. გაერთიანების თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა, არამედ უზრუნველყოფილია უკვე შექმნილი პარტიების უფლება, თავისუფლად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა;[3]
iii. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთ მიზნად შეხედულებების დაცვისა და მათი გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ასახელებს, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება პოლიტიკური პარტიების კონტექსტში; შესაბამისად, გაერთიანების თავისუფლების ავტონომიური შინაარსის მიუხედავად, აღნიშნულ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შუქზე განმარტავს;[4]
iv. მათ შორის, სასამართლო მიუთითებს, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიერ წამოჭრილი საკითხების დიალოგის გზით, არაძალადობრივი განხილვის შესაძლებლობა, მაშინაც კი, როდესაც ეს საკითხები შემაშფოთებელი ან შემაწუხებელია; ამასთან, რადგან პოლიტიკური პარტიის საქმიანობა გამოხატვის თავისუფლების კოლექტიური სარგებლობის ნაწილია, თავისთავად იგულისხმება, რომ პარტიებს აქვთ უფლება, ერთდროულად მოითხოვონ როგორც გაერთიანების თავისუფლებიდან, ისე გამოხატვის თავისუფლებიდან მომდინარე დაცულობა;[5]
v. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს და მათ უფლებებში ჩარევის საქმეებს განიხილავს კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) საფუძველზე, მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შუქზე. თავის მხრივ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მათი გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის ფორმას წარმოადგენს;
vi. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ისიც, რომ პარტიები გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროდან არ გამოირიცხებიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეროვნული ხელისუფლება მათ საქმიანობას კონსტიტუციურ წყობილებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.[6]
B. პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის სტანდარტი
i. გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელობის მიუხედავად, ის აბსოლუტური უფლება არ არის და გარკვეულ საგამონაკლისო შემთხვევებში, მისი შეზღუდვა დასაშვებია. იმისთვის, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, ის 1. გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; 2. უნდა ემსახურებოდეს კონვენციით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ლეგიტიმური მიზნის (ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, უწესრიგობის ან დანაშაულის აღკვეთა, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა) მიღწევას; და 3. ამ მიზნის მისაღწევად, უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში;[7]
ii. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გამონაკლისები ვიწროდ უნდა განიმარტოს და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ დამაჯერებელ საფუძვლებს დაეფუძნოს.[8] ამდენად, სახელმწიფოების მიხედულების ფარგლები ვიწროა უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით და ექვემდებარება სასამართლოს მკაცრ ზედამხედველობას;[9]
iii. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებული მიდგომით, უკიდურესი ზომები, როგორიცაა მთელი პარტიის დაშლა/აკრძალვა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზულ შემთხვევებში გამართლდეს;[10]
iv. როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის საქმეებში, გადამწყვეტია ის საკითხი, თუ რამდენად „აუცილებელია“ შეზღუდვის დაწესება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, საქმის შედეგი უფლების შეზღუდვის მართლზომიერების ტესტის მესამე საფეხურის შეფასებისას წყდება. ამ ეტაპზე კი, სასამართლო მხედველობაში იღებს, მათ შორის, შემდეგ გარემოებებს:
a. პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მხარი დაუჭიროს ქვეყანაში კანონმდებლობის ან სამართლებრივი და კონსტიტუციური წყობილების შეცვლას ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: 1. ამ მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს კანონიერი და დემოკრატიული; და 2. შემოთავაზებული ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს; ამრიგად, პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერებიც ახდენენ ძალადობის წაქეზებას ან ადვოკატირებენ პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, მიმართულია დემოკრატიის მოსპობისკენ ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფისკენ, ვერ მოითხოვს კონვენციისგან მომდინარე დაცულობას;[11]
i. მსგავს მიდგომას განაპირობებს კონვენციასა და დემოკრატიას შორის არსებული მჭიდრო კავშირი, რომლის გათვალისწინებითაც, არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაეყრდნოს კონვენციის დებულებებს დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისა და ღირებულებების შესუსტების ან განადგურების მიზნით; სხვა შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხედავს საშიშროებას, ტოტალიტარული მოძრაობები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების სახით არსებობენ, დემოკრატიული რეჟიმის პირობებში გაძლიერდნენ და შემდეგ თავად გაანადგურონ დემოკრატია - რომლის მაგალითებიც ევროპის უახლეს ისტორიაში არსებობს.[12] ეს გამართლება პრაქტიკულად გულისხმობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას;
b. მხედველობაში მიიღება ასევე, თუ რამდენად შეიცავს პარტიის პროგრამა ძალადობისკენ, ამბოხისკენ ან დემოკრატიული პრინციპების სხვაგვარად უარყოფისკენ მოწოდებებს.[13] ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უშვებს, რომ პოლიტიკური პარტიის პროგრამა, შესაძლოა, ემსახურებოდეს მისი რეალური მიზნების დაფარვას - ამიტომ, საქმის განხილვისას, სასამართლო პარტიის პროგრამის შინაარსს ადარებს პარტიის ლიდერების პოზიციებს და მათ ქმედებებს.[14] დასახელებული ორი ასპექტის ერთობლივად განხილვა მას აძლევს შესაძლებლობას, დაადგინოს პარტიის მიზნები და განზრახვები;[15]
c. იმის დასადგენად, თუ რამდენად „აუცილებელია“ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმა ან მისი დაშლა/გაუქმება დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდეგობის მოტივით, სასამართლო აგრეთვე ამოწმებს, რამდენად შეესაბამება ასეთი ზომები „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“. თავის მხრივ, მსგავსი საჭიროების არსებობა ფასდება შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით: 1. რამდენად არსებობს სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის საკმარისად მყისიერი; 2. მიეწერება თუ არა ლიდერთა სადავო ქმედებები და განცხადებები შესაბამის პოლიტიკურ პარტიას; და 3. ქმნის თუ არა პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნებული ქმედებები და განცხადებები ერთიან სურათს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საზოგადოების მოდელს, რომელსაც პარტია მხარს უჭერს და რომელიც შეუთავსებელია „დემოკრატიული საზოგადოების“ ცნებასთან.[16] საქმის შეფასებისას, სასამართლო დამატებით ითვალისწინებს ქვეყნის ისტორიულ კონტექსტსაც.[17]
C. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა
I.საქმეები, სადაც დარღვევა დადგინდა
a. საქმეში United Communist Party of Turkey and Others v. Turkey (1998), რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თურქეთის ერთიანი კომუნისტური პარტიის (TBKP) დაშლას/აკრძალვას მისი შექმნიდან ერთ წელში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღუდავი ზომის გამოყენება არ აკმაყოფილებდა „აუცილებლობის“ კომპონენტს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
i. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია აკრძალა ორი მიზეზით. პირველი მათგანი შეეხებოდა პარტიის სახელში სიტყვა „კომუნისტურის“ არსებობას, რაც ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას. კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სადავო დასახელების არჩევით, პარტიას გადაწყვეტილი ჰქონდა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა თურქულ საზოგადოებას ან თურქეთის სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამართლებულად არ მიიჩნია პარტიის გაუქმება მარტოოდენ სახელწოდების საფუძველზე;[18]
ii. პარტიის გაუქმების მეორე მიზეზად დასახელებული იყო TBKP-ს მიერ სეპარატიზმისა და თურქი ერის დაყოფის მიზანი, რაც გამოიხატებოდა პარტიის პროგრამაში ქურთ და თურქ ერებს შორის ზღვრის გავლებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს წარმოაჩენდა პარტიის განზრახვას, შეექმნა ისეთი უმცირესობები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.[19] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ პარტიის პროგრამა საუბრობდა ქურთებთან დაკავშირებული პრობლემის მშვიდობიან, დემოკრატიულ და სამართლიან გადაწყვეტაზე;[20] და აღნიშნა, რომ გაუმართლებელია, პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობა მხოლოდ იმ მიზეზით შეფერხდეს, რომ ის ცდილობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მდგომარეობის საჯაროდ განხილვას და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას;[21]
iii. სასამართლომ ასევე დაუშვა შესაძლებლობა, რომ პარტიის პოლიტიკურ პროგრამაში, შესაძლოა, დაფარული ყოფილიყო მისი რეალური მიზნები. თუმცა, მოცემულ საქმეში, არადემოკრატიული მიზნების გამოკვეთა ვერ მოხერხდა, რადგან პარტია მანამდე გაუქმდა, სანამ პრაქტიკულ ფუნქციონირებას დაიწყებდა. შესაბამისად, სასამართლომ ვერ შეძლო, პარტიისა და მისი ლიდერების საქმიანობა თუ პოზიციები პარტიის პროგრამისთვის შეედარებინა. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ პარტია აიკრძალა მარტოოდენ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო.[22]
b. საქმეში Socialist Party and Others v. Turkey (1998), რომელიც შეეხებოდა თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სოციალისტური პარტიის აკრძალვას მისი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღუდავი ზომის გამოყენება არ აკმაყოფილებდა „აუცილებლობის“ კომპონენტს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
i. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია აკრძალა იმ განცხადებების გამო, რომლებიც ერთმანეთისგან მიჯნავდა თურქ და ქურთ ერებს და ადვოკატირებდა თურქულ-ქურთული ფედერაციის ჩამოყალიბებას; საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ემსახურებოდა თურქი ერის ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, და მიზნად ისახავდა უმცირესობების შექმნას; ამ ფონზე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ სოციალისტური პარტიის საქმიანობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მსგავსი იყო, ხოლო რადგან იგი ახდენდა სეპარატიზმის მხარდაჭერას და კონკრეტული ჯგუფის წაქეზებას დამოუკიდებელი ფედერაციის შექმნისთვის ბრძოლისკენ, მისი დაშლა გამართლებული იყო.[23] ამდენად, United Communist Party of Turkey and Others v. Turkey საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა არა პარტიის პროგრამის, არამედ მისი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი;
ii. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები არ შეიცავდა ძალადობისკენ, ამბოხისკენ ან დემოკრატიული პრინციპების სხვაგვარად უარყოფისკენ მოწოდებებს; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს მითითებით, სადავო განცხადებებში საუბარი იყო შემოთავაზებული პოლიტიკური რეფორმის დემოკრატიული საშუალებებით (როგორიცაა რეფერენდუმი) მიღწევაზე და გაკრიტიკებული იყო ძალადობა, როგორც ერებს შორის და საზოგადოებებში არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზა;[24]
iii. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ განცხადებებს, რომლებიც, ხელისუფლების განმარტებით, ამართლებდა ძალადობას და ტერორისტულ მეთოდებს. კერძოდ, სადავო განცხადებები, მათ შორის, საუბრობდნენ, რომ „ქურთებმა შიშის ბარიერები დაანგრიეს“ და შეიცავდნენ მოწოდებას, რომ ეთნიკურ ქურთებს „საზამთროების ნაცვლად, სითამამე დაეთესათ“. ამგვარად, ხელისუფლების მტკიცებით, პარტიის ლიდერი მათ მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ყველა საქმიანობა და ჩართულიყვნენ არსებული წესრიგის ნგრევაში, ხოლო ფრაზის: „The Kurdish people are standing up“ გამოყენებით, მათ აჯანყებისკენ მიუთითებდა.[25] სასამართლოს განმარტებით, მართალია, აღნიშნული ფრაზები მიემართებოდა ქურთ მოსახლეობას და მათ გაერთიანებისა და პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებისკენ უბიძგებდა, თუმცა ისინი არ შეიცავდნენ ძალის გამოყენების ან დემოკრატიული წესების დარღვევისკენ მოწოდებას;[26]
iv. რაც შეეხება ფედერალური სისტემის ჩამოყალიბების იდეას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი პოლიტიკური პროგრამის თურქული სახელმწიფოს პრინციპებთან წინააღმდეგობა მას არ აქცევდა არადემოკრატიულად, რამდენადაც დემოკრატიის მთავარი მახასიათებელია მრავალფეროვანი პოლიტიკური პროგრამების შეთავაზებისა და განხილვის შესაძლებლობა მაშინაც, როდესაც ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სახელმწიფოს არსებული მოწყობის ფორმას;[27]
v. გარდა ამისა, რამდენადაც მოცემულ საქმეში არ იკვეთებოდა პარტიის წარმომადგენლების ისეთი ქმედებები, რაც მათ სხვაგვარ, შეფარვით მიზნებზე მიუთითებდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ პარტიის სანქცირება მოხდა მარტოოდენ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო.[28]
c. მსგავსი საკითხი შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე საქმეში Yazar and Others v. Turkey (2002), რომელიც შეეხებოდა ხალხის შრომის პარტიის აკრძალვას. ამ საქმეშიც, პარტიის აკრძალვა განაპირობა მისი ლიდერების განცხადებებმა, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, ემსახურებოდა სახელმწიფოს დაყოფას, ქურთი ხალხის თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერას და უსაფრთხოების ძალების კრიტიკას; გარდა ამისა, პარტიის ლიდერებს ედავებოდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავისუფლების მებრძოლებად, ხოლო მათი ქმედებების საერთაშორისო ომის აქტებად დახასიათებას.[29] ამ საქმეშიც, წინა შემთხვევების მსგავსად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღუდავი ზომის გამოყენება არ აკმაყოფილებდა „აუცილებლობის“ კომპონენტს, რადგან სადავო განცხადებები არ შეიცავდა ძალადობისკენ ან სხვაგვარი უკანონო მეთოდების გამოყენებისკენ მოწოდებებს.[30] დამატებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ:
i. თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერა თავისთავად არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ხოლო თუ პოლიტიკური პარტია ამის გამო ტერორისტული აქტების მხარდამჭერად იქნება მიჩნეული, ეს შეამცირებს შესაბამისი დემოკრატიული დებატების გამართვის შესაძლებლობას და შეიარაღებულ მოძრაობებს მისცემს მსგავსი საკითხების მხარდაჭერის მონოპოლიას - რაც ეწინააღმდეგება მე-11 მუხლის სულისკვეთებას და იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებსაც იგი ეფუძნება;[31]
ii. რაც შეეხება პარტიის ლიდერების კრიტიკას შეიარაღებული ძალების მიერ ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, ეს სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, რათა პარტია ძალადობრივ ქმედებებში ჩართულ ჯგუფებთან გაიგივებულიყო.[32] ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ხელისუფლების დასაშვები კრიტიკის ფართო ფარგლებს.
აღსანიშნავია, რომ იმ პარტიების აკრძალვის გამო, რომლებიც ეთნიკური ქურთების პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობდნენ ან/და აკრიტიკებდნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების ანტიტერორისტულ საქმიანობას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა სხვა საქმეებშიც.[33] მათ შორის, ისეთ საქმეებშიც, სადაც პარტიებს სახელმწიფო უკანონო ქმედებების მხარდაჭერას ედავებოდა.[34]
d. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა საქმეშიც The United Macedonian Organisation Ilinden – Pirin and Others v. Bulgaria (2005), რომელიც შეეხებოდა პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას სეპარატისტული იდეების ადვოკატირებისთვის.[35] აღნიშნულ საქმეში, მართალია, პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ ბულგარეთში მაკედონიური უმცირესობის არსებობაზე და კონკრეტულ რეგიონს არ მიიჩნევდა ქვეყნის ნაწილად,[36] თუმცა სასამართლომ მზღუდავი ზომის გამოყენება გაუმართლებლად მიიჩნია იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის ლიდერები არ აკეთებდნენ ძალადობის ან დემოკრატიული პრინციპების სხვაგვარი ხელყოფის მოწოდებებს.[37] ამდენად, საქმეში არ იკვეთებოდა პარტიის მხრიდან განხორციელებული პრაქტიკული ქმედებები, რაც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.[38] სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ კონკრეტული რეგიონის ავტონომიის ან თუნდაც, სეცესიის მხარდაჭერა ავტომატურად არ გულისხმობს დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდეგობას.[39]
e. დარღვევა დადგინდა საქმეშიც Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania (2005), რომელიც შეეხებოდა კომუნისტების პარტიის (PCN) რეგისტრაციაზე უარს. მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციაზე უარის საფუძვლად მითითებული იყო, რომ PCN მიზნად ისახავდა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას, რათა კომუნისტურ დოქტრინაზე დაფუძნებული ჰუმანური სახელმწიფო შეექმნა; თავის მხრივ, ეროვნული სასამართლოების შეფასებით, ეს გულისხმობდა, რომ პარტია 1989 წლიდან მოქმედ კონსტიტუციურ და სამართლებრივ წესრიგს მიიჩნევდა არაჰუმანურად და არადემოკრატიულად.[40] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო PCN-ის პროგრამა, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე; ამასთან, ის არ შეიცავდა იმგვარ ამონარიდებს, რაც ძალადობის, ამბოხის ან დემოკრატიული პრინციპების სხვაგვარი ხელყოფის მოწოდებებად აღიქმებოდა.[41] ამის საწინააღმდეგოდ, პროგრამა აკრიტიკებდა ყოფილი კომუნისტური პარტიის მიერ 1989 წლამდე ჩადენილ გადაცდომებს და ემიჯნებოდა მათ.[42] ამ საქმეშიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტიის სანქცირება მოხდა მარტოოდენ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო.[43]
f. იგივენაირად, დარღვევა დადგინდა საქმეში Tsonev v. Bulgaria (2006), სადაც კომუნისტური პარტიის რეგისტრაციაზე სახელმწიფომ უარი თქვა, მათ შორის, პარტიის მიზნებიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, გარდა პარტიის სახელისა, საქმეში არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომ ის მიზნად ისახავდა ერთი სოციალური კლასის გაბატონებას.[44] ამასთან, სასამართლოს მითითებით, სადამფუძნებლო დოკუმენტის პრეამბულაში სიტყვა „რევოლუციურის“ შეტანა არ ადასტურებდა პარტიის მხრიდან ისეთი პოლიტიკის არჩევას, რაც რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს ან მოსახლეობას.[45]
g. განსაკუთრებით საინტერესოა საქმე Christian Democratic People's Party v. Moldova (2006), სადაც დარღვევა დადგინდა პარტიის დროებითი აკრძალვის გამო. აღნიშნული საქმე სხვა შემთხვევებისგან განსხვავდება იმით, რომ პარტიის ერთ-თვიან აკრძალვას განაპირობებდა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, არამედ კონკრეტული ქმედება. კერძოდ, აკრძალვას საფუძვლად დაედო, მათ შორის, პარტიის საპარლამენტო ჯგუფის მიერ უკანონო შეკრებების გამართვა სკოლებში რუსული ენის სავალდებულო სწავლების შესახებ ინიციატივის გასაპროტესტებლად და შეკრების დროს გაჟღერებული მოწოდებები, რაც ხელისუფლების შეფასებით, ძალადობრივი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღუდავი ზომის გამოყენება არ აკმაყოფილებდა „აუცილებლობის“ კომპონენტს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
i. სასამართლოს შეფასებით, უკანონო, კერძოდ, არასანქცირებული შეკრების გამართვის და ამგვარად, ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო პარტიის დროებითი აკრძალვა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი ღონისძიება იყო;[46]
ii. რაც შეეხება შეკრების მონაწილეების მიერ ნამღერი სტუდენტური სიმღერის ტექსტს (“I'd rather be a slacker than a traitor, I'd rather be a hooligan than a dictator, I'd rather be a layabout than an activist, I'd rather be dead than a communist“), სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებებს;[47]
iii. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პოლიტიკური პარტიის მიმართ გამოყენებული იყო დროებითი აკრძალვა, სასამართლოს შეფასებით, ის მაინც არ წარმოადგენდა უფლებაში ჩარევის პროპორციულ ზომას, რადგან თან ახლდა „მსუსხავი ეფექტი“ პარტიის უფლებაზე, ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით და განახორციელოს პოლიტიკური მიზნები.[48]
II.საქმეები, სადაც დარღვევა არ დადგინდა
a. საქმეში Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey (2003), რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვას სეკულარიზმის პრინციპთან წინააღმდეგობის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
i. აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დრო: პარტია Refah დაფუძნებული იყო 1983 წელს, არაერთხელ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა არჩევნებში და ფლობდა შესაბამის მანდატებს. უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგების და მომდევნო არჩევნებში მოსალოდნელი მაღალი მხარდაჭერის გათვალისწინებით, 1998 წელს, როდესაც პარტიის აკრძალვა მოხდა, მას ჰქონდა პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების რეალური პოტენციალი და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო პროგრამის წარდგენის შემთხვევაში, ძალაუფლების მონოპოლია შესაძლებლობას მისცემდა, გაეტარებინა სასურველი მოდელი;[49]
მომჩივნების არგუმენტზე, რომ პარტია ისჯებოდა მისი წევრების მიერ წლების წინ გაკეთებული განცხადებების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა შეიძლება მხედველობაში მიიღონ იმ რეალური საფრთხის პროგრესული ზრდა, რომელსაც პარტიის საქმიანობა დემოკრატიის პრინციპებს უქმნის - კერძოდ, პარტიის პროგრამა, შესაძლოა, უფრო ცხადი გახდეს მისი წევრების მიერ შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებისა და გაკეთებული განცხადებების ფონზე; ამავდროულად, წლების განმავლობაში, შესაძლოა, გაიზარდოს პარტიის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების და საკუთარი პოლიტიკის გატარების შანსები;[50]
ii. პარტიის წევრების ქმედებებისა და განცხადებების მიკუთვნება პარტიისთვის: მოცემულ საქმეში პარტია აიკრძალა არა მისი დეკლარირებული პროგრამის, არამედ მისი წევრების განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, ასეთი განცხადებები, მათი ავტორების პოზიციების (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და სხვა პირები, რომლებიც პარლამენტის წევრები იყვნენ ან იკავებდნენ თანამდებობებს თვითმმართველობებში) გათვალისწინებით, მიეწერებოდა მთელ პარტიას;[51]
iii. შემოთავაზებული სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების გეგმა - პარტიის წარმომადგენლების ინიციატივა იყო იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანებს გამიჯნავდა მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით და მათ ცალკეული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემდა არა როგორც ინდივიდებს, არამედ რელიგიური მოძრაობისადმი მათი კუთვნილების საფუძველზე.[52] სასამართლომ აღნიშნული მოდელი დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია ორი მიზეზით: 1. ის უგულებელყოფდა ხელისუფლების, როგორც ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტის ფუნქციას; 2. მსგავსი სისტემა იყო დისკრიმინაციული[53]
iv. შარიათი - პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შარიათზე დაფუძნებული რეჟიმის ჩამოყალიბების მიზანი, რაც გამოიხატებოდა მათ არაერთ განცხადებაში („შარიათი ქვეყნისთვის გამოსავალია“, „ბოლომდე ვიბრძოლებ შარიათის დასამკვიდრებლად“, „Refah-ის ხელისუფლებაში მოსვლით სამართლიანი წესრიგი დამყარდება“, „თუ ხალხი . . . საკმარისად არ იშრომებს სამართლიანი წესრიგის/ღვთის წესრიგის დასამყარებლად, . . . ისინი . . . საბოლოოდ გაქრებიან“ და სხვ.).[54] სასამართლოს განმარტებით, შარიათი შეუსაბამო იყო დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან არაერთი მიმართულებით, მათ შორის, მისი სისხლისსამართლებრივი ასპექტების, ქალთა სტატუსის მოწესრიგების და პირადი თუ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში ჩარევის მეთოდების გათვალისწინებით.[55]
v. ძალის გამოყენების შესაძლებლობა - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო პარტიის წარმომადგენლების მითითებები ჯიჰადის ინტერპრეტაციაზე, ძალაუფლების მოსაპოვებლად მუსლიმების შეიარაღების შესაძლებლობაზე, მათ გულებში სიძულვილის შენარჩუნებაზე, დასავლური მოდელის მხარდამჭერთა მიმართ მუქარაზე და სხვ.[56] სასამართლოს განმარტებით, ყველა ასეთი განცხადება მიუთითებდა „ლეგიტიმური“ ძალის მოსალოდნელ გამოყენებაზე, ხოლო პარტია მათ პრაქტიკულად არ ემიჯნებოდა;[57]
b. დარღვევა არ დადგინდა ასევე საქმეში Herri Batasuna and Batasuna v. Spain (2009), რომელიც შეეხებოდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაცია ETA-სთან კავშირის გამო. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პარტიები არ გმობდნენ ETA-ს მიერ განხორციელებულ თავდასხმებს - ამის საწინააღმდეგოდ, ისინი ხელს უწყობდნენ სოციალური კონფლიქტის ატმოსფეროს შექმნას და მხარს უჭერდნენ/იწონებდნენ ETA-ს ტერორისტულ საქმიანობას, რაც მათ აქცევდათ ტერორისტული სტრატეგიის ინსტრუმენტებად.[58] სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ესპანეთში, განსაკუთრებით კი ბასკეთის „პოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში“ მრავალი წლის განმავლობაში არსებული ვითარება, რაც დაკავშირებული იყო ტერორისტულ თავდასხმებთან და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, პარტიებსა და ETA-ს შორის არსებული კავშირი საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიას;[59]
c. პარტიის რეგისტრაციაზე უარი გამართლებულად იქნა მიჩნეული საქმეშიც Ignatencu and the Romanian Communist Party v. Romania (2020).[60] აღნიშნული პარტია აცხადებდა, რომ იყო ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის მემკვიდრე, რომლის რეგისტრაციაზე უარის თქმით, ხელისუფლება ცდილობდა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვას, აგრეთვე პარტიის მიერ საკუთარი პოზიციის ბოროტად გამოყენების თავიდან არიდებას;
d. საგულისხმოა საქმეც Communist Party of Germany v. Federal Republic of Germany (1957),[61] რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ დარღვევა არ დაადგინა გერმანიის კომუნისტური პარტიის აკრძალვის შედეგად და განაცხადი დაუშვებლად სცნო კონვენციის მე-17 მუხლის (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) საფუძველზე. კომისიამ მხედველობაში მიიღო, რომ კომუნისტური პარტიის მიზანს წარმოადგენდა სოციალისტურ-კომუნისტური სისტემის დამკვიდრება პროლეტარული რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის საფუძველზე; ხოლო გერმანიის კომუნისტური პარტია სწორედ ამ პრინციპებს მისდევდა. თავის მხრივ, მსგავსი ზომები და რეჟიმი კონვენციასთან შეუსაბამოა.
[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Gorzelik and Others v. Poland, განაცხადის №44158/98, 17.02.2004, §88. [2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Republican Party of Russia v. Russia, განაცხადის №12976/07, 12.04.2011, §78; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, განაცხადის №41340/98 და სხვ., 13.02.2003, §87. [3] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, განაცხადის №19392/92, 30.01.1998, §33. [4] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, განაცხადის №19392/92, 30.01.1998, §§42-43; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §74. [5] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §76. [6] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, განაცხადის №19392/92, 30.01.1998, §27. [7] ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 11, ნაწილი 2. [8] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §77. [9] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, განაცხადის №19392/92, 30.01.1998, §46. [10] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §78. [11] იქვე, §79; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Yazar and Others v. Turkey, განაცხადის №22723/93 და სხვ., 09.04.2002, §49; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, განაცხადის №41340/98 და სხვ., 13.02.2003, §98. [12] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, განაცხადის №41340/98 და სხვ., 13.02.2003, §99. [13]ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania [Extracts]; განაცხადის №46626/99, 03.02.2005, §54. [14] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Yazar and Others v. Turkey, განაცხადის №22723/93 და სხვ., 09.04.2002, §50. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Socialist Party and Others v. Turkey, განაცხადის №21237/93, 25.05.1998, §48. [15] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §80. [16] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania [Extracts]; განაცხადის №46626/99, 03.02.2005, §48; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §83; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, განაცხადის №41340/98 და სხვ., 13.02.2003, §104. [17] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania [Extracts]; განაცხადის №46626/99, 03.02.2005, §48; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Refah Partisi (The Welfare Party) and Others v. Turkey, განაცხადის №41340/98 და სხვ., 13.02.2003, §105. [18] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: United Communist Party of Turkey and Others v. Turkey, განაცხადის №19392/92, 30.01.1998, §54.
[19] იქვე, §55.
[20] იქვე, §56.
[21] იქვე, §57.
[22] იქვე, §58.
[23] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Socialist Party and Others v. Turkey, განაცხადის №21237/93, 25.05.1998, §15.
[24] იქვე, §46.
[25] იქვე.
[26] იქვე.
[27] იქვე, §47.
[28] იქვე, §48.
[29] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Yazar and Others v. Turkey, განაცხადის №22723/93 და სხვ., 09.04.2002, §22.
[30] იქვე, §55.
[31] იქვე,§57.
[32] იქვე,§59.
[33] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Freedom and Democracy Party (Özdep) v. Turkey, განაცხადის №23885/94, 08.12.1999; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Dicle for the Democratic Party (DEP) of Turkey v. Turkey, განაცხადის №25141/94, 10.12.2002; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Socialist Party of Turkey (STP) and Others v. Turkey, განაცხადის №26482/95, 12.11.2003; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Democracy and Change Party and Others v. Turkey, განაცხადის №39210/98 & 39974/98, 26.04.2005; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Emek Partisi and Şenol v. Turkey, განაცხადის №39434/98, 31.05.2005; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Demokratik Kitle Partisi and Elçi v. Turkey, განაცხადის №51290/99, 03.05.2007; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Hadep and Demir v. Turkey, განაცხადის №28003/03, 14.12.2010; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Party for a Democratic Society (DTP) and Others v. Turkey, განაცხადის №3840/10 და სხვ., 12.01.2016. [34] იხ. მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Hadep and Demir v. Turkey, განაცხადის №28003/03, 14.12.2010. [35] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: The United Macedonian Organisation Ilinden – Pirin and Others v. Bulgaria განაცხადის №59489/00, 20.10.2005, §58.
[36] იქვე, §60.
[37] იქვე, §58.
[38] იქვე, §58.
[39] იქვე, §61.
[40] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Partidul Comunistilor (Nepeceristi) and Ungureanu v. Romania [Extracts]; განაცხადის №46626/99, 03.02.2005, §53.
[41] იქვე, §54.
[42] იქვე, §55.
[43] იქვე, §57.
[44] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Tsonev v. Bulgaria, განაცხადის №45963/99, 13.04.2006, §59.
[45] იქვე.
[46] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Christian Democratic People's Party v. Moldova, განაცხადის №28793/02, 14.02.2006, §73.
[47] იქვე, §75.
[48] იქვე, §77.
[49] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey, განაცხადის №41340/98 და სხვ., 13.02.2003, §§107-108.
[50] იქვე, §109.
[51] იქვე, §§111-115.
[52] იქვე, §§117-119.
[53] იქვე, §119.
[54] იქვე, §§120-121.
[55] იქვე, §123.
[56] იქვე, §§129-131.
[57] იქვე.
[58] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, განაცხადის №25803/04 & 25817/04, 30.06.2009, §85.
[59] იქვე, §89.
[60] ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://hudoc.echr.coe.int/?i=002-12809. [61] გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე, https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-110191.