საერთაშორისო ურთიერთობები

ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „კონსტიტუციური მართლმსაჯულება და საზოგადოების რეაქცია: როდესაც საზოგადოების უმრავლესობა არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტებს.“ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები ევროპიდან და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ზაზა თავაძემ ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) ფორმატში შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვლადიმირ ტურჩანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დანიუს ჟალიმასი. მხარეებმა წევრ საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს და მისი განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

ზაზა თავაძემ ასევე პირისპირ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან. მხარეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს.

ვიზიტი მიმდინარე წლის 19-20 თებერვალს განხორციელდა.