საერთაშორისო ურთიერთობები

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

2021 წლის 4 და 5 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოწვევის საფუძველზე განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის მჭიდრო პლატფორმის ჩამოყალიბებას.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს შორის. გაფართოებულ ფორმატში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციასა და სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის წარმომადგენლებს შორის. განხილვის თემას წარმოადგენდა ორი ქვეყნის საკონსტიტუციო კონტროლის სისტემური ფუნქციონირების საკითხები, ასევე, სამართალწარმოების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები, მათ შორის, ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის მექანიზმი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგები და ინსტიტუციური დიალოგის არსებობა საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს შორის.

ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის დადებით დინამიკას და გამოითქვა სურვილი სამართლის სფეროში ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით.

ვიზიტის კულტურულ-სოციალური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ მოინახულა სომხეთის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი, მატენადარანი და, ასევე, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი და პატივი მიაგო გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია აერთიანებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას, თავმჯდომარის მოადგილეებს - თეიმურაზ ტუღუშსა და ვასილ როინიშვილს, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილს, ასევე, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ლომთაძეს და საქართველოში მომუშავე პრაქტიკოს იურისტს, დჟივან მკრტჩიანს.