სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1647 კონსტიტუციური სარჩელი

2021 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად არ მიიღო №1647 კონსტიტუციური სარჩელი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს ეკისრებოდათ ვალდებულება, 2028 წლამდე ჩასატარებელ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სია დაერეგისტრირებინათ იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა. ამასთან, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდებოდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მის ადგილს იკავებდა იმავე სქესის წარმომადგენელი ადგილმონაცვლე, ხოლო წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში, მანდატი უქმდებოდა.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები გამორიცხავდა შიდაპარტიული დემოკრატიის საფუძველზე პარტიული სიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და წინასწარ განსაზღვრავდა საარჩევნო სუბიექტთა პარტიული სიების სქესობრივ კონფიგურაციას. მოსარჩელეთა განმარტებით, დაწესებული შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის არსს და გაუმართლებლად ზღუდავს პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას, საარჩევნო უფლებასა და სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმების საფუძველზე, იზღუდებოდა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლება და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველი. ამასთანავე, სავალდებულო კვოტირების დამდგენი ნორმა ნეიტრალური შინაარსის არის, რადგან თუკი პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცემათ, პარტიული სია სრულად ქალებით დააკომპლექტონ, მომავალში შესაძლოა, დაირღვეს სქესობრივი ბალანსი უკვე მამაკაცების არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე. ამდენად, სადავო რეგულირება არ უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და იგი განხილული უნდა იქნეს არსებითი განხილვის ფორმატში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სავალდებულო კვოტირების სისტემა, საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებს. ამასთან, ნაცვლად ყოველ ოთხეულში ერთი მამაკაცი კანდიდატისა, სავალდებულოა ყოველ სამეულში ერთი მამაკაცის წარდგენა. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარ რეგულირებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის არსებული განმასხვავებელი ფაქტორები არ ქმნის სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საფუძველს.

ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ რეგულირება, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს, არსებითად იმავე ფორმით უშლის ხელს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ზემოხსენებული ნორმა. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმებს აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი და ისინი ძალადაკარგულად გამოაცხადა საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

ქალთა სასარგებლოდ დაწესებულ კვოტირების სისტემაზე მსჯელობისას, სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელიდან არ გამოკვეთილა არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებდა. ამრიგად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რომელიც შეეხებოდა ქალთა სასარგებლოდ დაწესებული კვოტირების არაკონსტიტუციურობას, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სასამართლომ ასევე იმსჯელა რეგულირებაზე, რომლის მიხედვითაც, თუკი პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრ ქალს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და პარტიულ სიაში აღარ არის დარჩენილი იმავე სქესის კანდიდატი, მანდატი უქმდება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა კვოტირების ინსტიტუტის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პარტიის მიერ სადავო ნორმის საფუძველზე მანდატის დაკარგვის საფრთხის ჰიპოთეტურ ბუნებასა და მისი დაზღვევის მექანიზმებზე. მეორე მხრივ, სასამართლომ ხაზი გაუსვა მანდატის გაუქმების ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს სავალდებულო კვოტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. შედეგად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

განჩინებას კანონით დადგენილ ვადაში დაერთვება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი კვერენჩხილაძის, ევა გოცირიძის, ირინე იმერლიშვილისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრები.

დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან, 24-ე მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.