სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1248 კონსტიტუციური სარჩელი

2021 წლის 5 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1248 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“)

სადავო ნორმების თანახმად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და მათი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით. კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი (ადმინისტრატორი) უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი (ელექტროენერგიის) მომსახურების გაწევა დასუფთავების, წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

მოსარჩელის პოზიციით, მომხმარებელს შესაძლოა, შეუწყდეს მისთვის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც გადახდილი აქვს. სადავო რეგულირებები ქმნის იძულების მექანიზმს, ადამიანის უმწეო მდგომარეობას იყენებს გადასახადების ეფექტურად ამოღებისა და მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის გამარტივებისათვის და იწვევს მის ობიექტივიზაციას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებასა და მომხმარებელთა უფლებებს.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ღონისძიების შემუშავება განპირობებული არის თბილისში არსებული მძიმე ფაქტობრივი რეალობით და მიზნად ისახავს კომუნალური მომსახურების სექტორის გამართულ ფუნქციონირებას. მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ამოღების ეფექტური მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში, ეჭვქვეშ დგება მის მიერ სალიცენზიო ვალდებულებათა შესრულების შესაძლებლობა, რაც, საბოლოოდ, საფრთხეს შეუქმნის როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობას, აგრეთვე თავად მომხმარებელთა ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კომუნალურ მომსახურებათა მიღების სანაცვლოდ დადგენილ ფინანსურ ვალდებულებათა შესრულებისათვის იძულების ღონისძიებად ელექტროენერგიაზე წვდომის შეზღუდვა ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, per se არ ქმნის ინდივიდის ობიექტად განხილვის შესაძლებლობას და არ წარმოადგენს იმგვარ ღონისძიებას, რომელიც, დასახული მიზნისა და მოპყრობის ინტენსივობის შეფასების საჭიროების გარეშე, a priori შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახველ მოპყრობად. ამასთანავე, თავად ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასაც არ გააჩნია ავტომატური ხასიათი და მომხმარებელს რჩება გონივრული შესაძლებლობა, შეასრულოს მიღებული კომუნალური მომსახურების სანაცვლოდ მასზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულება, ვიდრე სადავო ღონისძიება სისტემის ადმინისტრატორის მხრიდან იქნება გამოყენებული. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკონომიკური თავისუფლების პირობებში მოქმედ საბაზრო ურთიერთობებში, მომხმარებელი არის შედარებით სუსტი მხარე, რომლის ინტერესების ჯეროვანი დაცვა დამოკიდებული ვერ იქნება მარტოოდენ საბაზრო ურთიერთობების თვითრეგულირებასა და თავისუფალი ბაზრის სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის შეთავაზებულ გარანტიებზე. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მხრიდან ბაზარზე არსებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე სამართლიანი პირობებით წვდომას. ამასთანავე, უშუალოდ კონკრეტული საბაზრო ურთიერთობის, მომსახურების შინაარსისა და მნიშვნელობის, ისევე, როგორც სუბიექტების გათვალისწინებით, კომუნალური მომსახურების სფეროში მომხმარებლის მიმართ დადგენილი ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს მის წვდომას კომუნალურ მომსახურებებზე, გამოყენებულ იქნეს, როგორც ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ultima ratio საშუალება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან განასხვავა მომსახურებები, რომლებთან მიმართებითაც არსებობდა შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის ამოღების ინდივიდუალური შესაძლებლობა, თავად ამგვარი მომსახურების ბუნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წყალმომარაგების მომსახურების მიმღებ იმ მომხმარებლებთან მიმართებით, რომლებიც სარგებლობენ ინდივიდუალური გამრიცხველიანებით, ისევე, როგორც ბუნებრივი გაზის მომსახურებასთან მიმართებით არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნეს შესაბამისი საფასურის გადახდის იძულების ინდივიდუალური მექანიზმი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას, სისტემის ადმინისტრატორის მხრიდან. შესაბამისად, დადგინდა, რომ სადავო ღონისძიება, ამ მხრივ, ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობის მოთხოვნებს. ამასთანავე, წყალმომარაგების მომსახურების მიმღებ იმ მომხმარებლებთან მიმართებით, რომლებიც არ ექვემდებარებიან ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ან/და არ არსებობს დავალიანების არსებობის შემთხვევაში მათთვის წყალმომარაგების მომსახურების ინდივიდუალურად შეწყვეტის შესაძლებლობა, ისევე, როგორც დასუფთავების მომსახურების მოსაკრებლის ადმინისტრირების ნაწილში, სადავო ღონისძიება მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად.

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იწვევს სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტას ისეთი მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, რომლის შეწყვეტა დამოუკიდებლად არის შესაძლებელი.

დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით განხორციელების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.