სიახლეები

ა(ა) იპ ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 28 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1344).

სადავო ნორმები განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას  ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის(აირის) განმეორებით დატაცებისათვის, ასევე სასმელი წყლის განმეორებით უკანონოდ მოხმარების ან წყალარინების ქსლით განმეორებით უკანონოდ სარგებლობისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით განსაზღვრულია ჯარიმა, ფიზიკური პირისათვის - 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და დაწესებულებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები/დაწესებულებები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. მისი მტკიცებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის/დაწესებულებებისათვის იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით ჯარიმის განსხვავებული ოდენობების დაწესება ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით“ და 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.