სიახლეები

„ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334)

2019 წლის 22 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334). სადავო ნორმის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ მოთხოვნებს. კერძოდ, არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება - შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ამდენად, მასზე არ მომხდარა ამ უფლებამოსილების დელეგირება. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, სადავო ნორმით კი ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. აგრეთვე არ არის ხელმისაწვდომი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის მოპოვებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. შესაბამისად, სადავო რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ უფლებებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 127 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.