სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2021 წლის 8 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1472).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში, სადავო ნორმა ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე მხარეთა შესაძლებლობას, დააყენონ შუამდგომლობა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა მიუთითებს საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებზე და ამომწურავად განსაზღვრავს შუამდგომლობის დაყენების საფუძვლებს. შესაბამისად, მას შემზღუდველი შინაარსი გააჩნია და გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.