სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1833)

2025 წლის 28 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1833).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის თანახმად, თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მეორე მხრივ კი, სადავო რეგულაცია შეეხება იმ პირობის არგავრცელებას კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე, რომლითაც გათვალისწინებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის გამოთვლის წესი.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესები მიემართება სესხის გამცემი სუბიექტების თვითნებობის აღკვეთას, მიუხედავად ამისა, ისინი ადგენს დიფერენცირებულ მოწესრიგებას, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირების მიმართ, რითაც იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილ დიფერენციაციას არ აქვს ლეგიტიმური გამართლება და შედეგად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.