სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1688 კონსტიტუციური სარჩელი)

2022 წლის 27 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1688).

დავის საგანს წარმოადგენს „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არდასწრების გამო.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პარლამენტის სხდომებზე არდასწრება, რომელიც მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გახდა, გამოწვეული იყო არა არასაპატიო მიზეზით, არამედ მისი საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ არეგულირებს საპარალმენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და, შესაბამისად, არ არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამასთან, მისი აზრით, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა იმ ამომრჩეველთა ნება, რომელთაც მოსარჩელის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და ისურვეს მისი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში. მოსარჩელე დამატებით აპელირებს იმაზეც, რომ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას თანმდევ შედეგად მოჰყვა მისი პოლიტიკური პარტიისათვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა, რაც პოლიტკურ პარტიას ფინანსური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.