სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1703 კონსტიტუციური სარჩელი)

2023 წლის 7 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „დავით გუგეშაშვილი და დავით ჩაჩუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1703).

განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის შემთხვევაში, ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სასამართლო პროცესის ფარგლებში საქმის არსებითი გამოკვლევის შესაძლებლობის მიუხედავად, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის დაბრუნება მისი ხელახალი გამოკვლევის მიზნით, რაც, შედეგობრივად, იწვევს საქმის გაჭიანურებას არაგონივრული ვადით. მოსარჩელეთა განმარტებით, სასამართლოს მიერ საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, რის გამოც მხარეს უწევს სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვა. ყოველივე ეს კი დარღვეულ უფლებებში აღდგენას დროში მნიშვნელოვნად აფერხებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.