სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1550 კონსტიტუციურ სარჩელზე

2021 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „რევაზ ელიავა და სოსო ელიავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1550).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების წესს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას, მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების თავის არიდებისას, განსაზღვროს თითოეული ცრუმაგიერი პირის მონაწილეობის ფარგლები, რათა, საბოლოოდ, აღნიშნულის პროპორციულად გამოიყენოს მისი ქონების მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო აღჭურვილია სრული დისკრეციით, რის საფუძველზეც, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა ხდება ცრუმაგიერი პირის მთლიან ქონებაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.