სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1455)

2020 წლის 23 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1455).

საქმეზე სადავოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, რომელიც ადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე არ ვრცელდება განცხადების შეტანის ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა. ამასთან, თუ გამოირკვა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო აუქმებს განჩინებით, რის შემდეგაც საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს, ვინაიდან შესაძლებელია, ნებისმიერ დროს ბათილად იქნეს ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და განახლდეს საქმის განხილვა. ამასთან, სადავო მოწესრიგების საფუძველზე, სრულად უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც დადგენილი არ არის მისი მთლიანად გაუქმების საჭიროება. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები გამოიყენება, მათ შორის, იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომელიც წარმოშობილი და დასრულებულია თავად სადავო ნორმის მიღებამდე პერიოდში, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცული უკუძალის აკრძალვის პრინციპთან.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... გათვალისწინებული შემთხვევებისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.