სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1453)

2020 წლის 25 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1453).

სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას ან მოყვანას.

მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციულად მიიჩნევს რეგულირებას, რომლის საფუძველზეც 21 წლამდე ასაკის სრულწლოვან პირებს ეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, ხოლო 21 წლის ასაკს მიღწეული სრულწლოვანი პირები გათავისუფლებული არიან ასეთი პასუხისმგებლობისგან.

მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ ნორმას, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის. მათი განმარტებით, სადავო ნორმით აკრძალული ქმედებების ჩადენა იმავე საფრთხეებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებასთან. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავოდ გამხდარ ნორმას გააჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსი და იგი საქმის არსებითად განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ამასთან, თუნდაც სადავო რეგულირება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად არ იქნეს მიჩნეული, იგი ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და გაუმართლებლად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა)საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის.