სიახლეები

კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1367).

სადავო ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს წვრილმან ხულიგნობას, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან პოლიტიკური შინაარსის მქონე პროტესტის გამოხატვისას გამოიყენა უხამსი სიტყვები. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ გამოყენებულ უცენზურო სიტყვას არ გააჩნდა პოლიტიკური ღირებულება და მან უხეშად დაარღვია საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უხამსი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმის დასჯადობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ღირებულების მქონე უცენზურო სიტყვების გამოყენებისათვის დაწესებული პასუხისმგებლობა არღვევს აზრის გამოხატვის და ინფორმაციის გავრცელების, ასევე შეკრების თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების: „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.