სიახლეები

ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1251).

სადავო ნორმების მიხედვით, პირის მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. ამასთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის წესით.

მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც 1995 წელს კონკურსის გარეშე განწესდა თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იგი საჭიროებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისთვის მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლის დავალდებულება არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. ამავე დროს, იგი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულ მდოგმარეობაში იმყოფება იმ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებიც თანამდებობაზე კონკურის წესით განწესდნენ და შესაბამისად, თავისუფლდებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.