სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1502 და №1503 კონსტიტუციურ სარჩელებს

2020 წლის 8 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1502 და №1503).

განსახილველ საქმეში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის ვადით მიენიჭა რიგი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, ასევე დადგინდა პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ იქნა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე შეფარდების წესი, ასევე აიკრძალა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია საგანგებო მდგომარეობისას ითვალისწინებს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცემული პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, რომელიც საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობისას უფლების შეზღუდვის არსი და ფარგლები დადგენილი უნდა იყოს თავად პრეზიდენტის დეკრეტით და დაუშვებელია საქართველოს მთავრობისათვის იმგვარი უფლებამოსილების მინიჭება, რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ შემოიღოს ამა თუ იმ უფლების შემზღუდველი რეგულაცია. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს მთავრობისათვის ამგვარი ფართო უფლებამოსილების დელეგირება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.

დამატებით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე შეკრების უფლების აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას, რამდენადაც შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა სცდება უფლების შეზღუდვის ფარგლებს და უთანაბრდება უფლების შეჩერებას. გარდა ამისა, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება და ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დადგენა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია პრეზიდენტის დეკრეტით, რაც არღვევს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმებისათვის საქართველოს კონსტიტუციით წაყენებულ მოთხოვნებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი:

№1502 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს ... ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები“, მე-9 მუხლის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

№1503 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; გ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.