სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1412 კონსტიტუციური სარჩელი

2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1412 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენდა, რომ იმ პირის ადმინისტრაციული დაკავების საერთო ვადა, რომლის დაკავების ვადაც ემთხვევა არასამუშაო დროს, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული რეგულირებით ხდებოდა ადმინისტრაციული დაკავების ქვეშ მყოფ პირთა გაუმართლებელი დიფერენცირება დაკავების დროის მიხედვით. კერძოდ, იმ პირების დაკავების მაქსიმალური ვადა, რომელთა დაკავებაც განხორციელდა არასამუშაო დროს, შეადგენდა 48 საათს, ხოლო სამუშაო დროს დაკავებული პირების – 12 საათს. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული დაკავების ქვეშ მყოფი პირები, განურჩევლად ადმინისტრაციული დაკავების დროისა, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს და გააჩნდათ საპროცესო დაცვის გარანტიებით სარგებლობის თანაბარი ინტერესი. პირთა დაკავების მაქსიმალურ ვადებს შორის სადავო ნორმით განპირობებული 36 საათიანი სხვაობა არ წარმოადგენდა რაიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ საშუალებას და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირება განპირობებული იყო სასამართლოს შეზღუდული სამუშაო გრაფიკით. გასაჩივრებული რეგულაციის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა სასამართლო განხილვის გარეშე არ მომხდარიყო იმ პირის გათავისუფლება, რომლის დაკავების ვადის გასვლაც ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს. შესაბამისად, სადავო ნორმა ემსახურებოდა მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას. ამასთან, პოლიციელი ვალდებული იყო ადმინისტრაციული დაკავების ქვეშ მყოფი პირი სასამართლოში წარედგინა პირველი შესაძლებლობისთანავე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაციიდან მომდინარე დიფერენცირება არ ხასიათდებოდა მაღალი ინტენსივობით და შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა პირთა დიფერენცირებას უკავშირებდა იმ გარემოებას, თუ რა დროს იწურებოდა პირის ადმინისტრაციული დაკავების ზოგადი, 12 საათიანი ვადა. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ პირის დაკავებისთვის განკუთვნილი 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, პირის ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა შესაძლოა ყოფილიყო 48 საათი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირის დაკავებისთვის განკუთვნილი 12 საათიანი ვადის გასვლა ემთხვეოდა სასამართლოს სამუშაო დროს, მაშინ პირის დაკავება ვერ გაგრძელდებოდა 12 საათზე მეტ ხანს. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირთა ორივე ჯგუფს გააჩნდა იდენტური საპროცესო მდგომარეობა და საპროცესო გარანტიებით სარგებლობის თანაბარი ინტერესი. შესაბამისად, მოქმედი სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის შესადარებელი პირები იყვნენ არსებითად თანასწორნი და სადავო ნორმით ხდებოდა სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების შეზღუდვა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ წარმოადგენდა მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის – მართლმსაჯულების განხორციელების მიღწევის საშუალებას. სასამართლომ განმარტა, რომ პირის თუნდაც 24 საათით დაკავების შემთხვევაშიც, აღნიშნული ვადა აუცილებლად მოიცავდა სასამართლოს სამუშაო დროს, განურჩევლად იმისა, თუ დროის რა მონაკვეთში განხორციელდა პირის დაკავება. მით უფრო იმ პირობებში, როცა საერთო სასამართლოებში, მორიგე მოსამართლეები საქმეებს იხილავენ მათ შორის შაბათ-კვირასაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების 48 საათამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა ვერ აიხსნებოდა სასამართლოს არასამუშაო დროით.

სადავო რეგულირებას შესაძლოა გამოეწვია პოლიციელის იძულება, ზოგიერთი პირი, სხვა, უფრო ადრე დაკავებულ პირებზე პრიორიტეტულად წარედგინა სასამართლოსთვის, რაც, ერთი მხრივ, ალოგიკური და ყოველგვარ რაციონალურ ახსნას მოკლებული იქნებოდა, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი უსამართლობის წყაროს წარმოადგენდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია იყო დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა, ყველა შემთხვევაში, გახდებოდა 12 საათი, რაც რიგ შემთხვევებში არ დაემთხვეოდა სასამართლოს სამუშაო დროს. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა პირის მოსამართლის წინაშე წარდგენა, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება მოყოლოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადავადებულიყო 2021 წლის პირველ ივნისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მისცემოდა გონივრული შესაძლებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოეწესრიგებინა აღნიშნული საკითხი.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.