სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1591 და №1605 კონსტიტუციური სარჩელები

2023 წლის პირველ ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1591 და №1605 კონსტიტუციური სარჩელები („მერაბ მურადაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“).

დავის საგანს წარმოადგენდა: ა) №1591 კონსტიტუციურ სარჩელზე: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №1605 კონსტიტუციურ სარჩელზე: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

№1591 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები მეხანძრე-მაშველისთვის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად განსაზღვრავდა 55 წელს და აღნიშნული ზღვრული ასაკის მიღწევისას ადგენდა თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველს. №1605 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურისთვის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად განსაზღვრავდა 60 წელს.

მოსარჩელეები სადავო ნორმებით დადგენილ ბლანკეტურ შეზღუდვას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. მათი განმარტებით, ზემოაღნიშნული ასაკის მიღწევა აპრიორი არ გულისხმობდა პირის უნარების იმგვარ დაქვეითებას, რომ მათ ვეღარ განეხორციელებინათ მეხანძრე-მაშველისათვის და პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მოსამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები.

მოპასუხე მხარის განმარტებით, მეხანძრე-მაშველებსა და პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად სჭირდებათ შესაბამისი ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში 55 და 60 წლის ასაკის მიღწეულ პირებს აღარ გააჩნიათ. თუმცა, №1605 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის უნდა არსებობდეს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების მექანიზმი.

№1591 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოპასუხე მხარის განმარტებისა და რელევანტური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შესაძლებელია მეხანძრე-მაშველისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო რეგულაციით დადგენილი ბლანკეტური აკრძალვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების ლეგიტიმური მიზანთან მიმართებით არ მიიჩნია გამოსადეგ საშუალებად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ასევე დაადგინა, რომ სადავო ნორმები პროპორციულობის პრინციპის დაცვით უზრუნველყოფდა თაობათა შორის სამუშაო ადგილების სამართლიანი გადანაწილების ლaეგიტიმური ინტერესის მიღწევას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მათი როლის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახური მუდმივად განიცდიდეს კადრების როტაციას, რასაც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს ასაკობრივი ზღვრის დაწესება. შესაბამისად, №1591 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

№1605 კონსტიტუციურ სარჩელის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეაფასა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის ეფექტიანი და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურის უფლებამოსილებების სრულყოფილად შესრულება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, თუმცა მოპასუხე მხარის განმარტებისა და რელევანტური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესაძლებელია ზემოაღნიშნული მოსამსახურეებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო რეგულაციით დადგენილი ბლანკეტური აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით