სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განიხილავს №1464 კონსტიტუციურ სარჩელს

2021 წლის 11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1464).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში, სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის დაკავების თაობაზე არ საჩივრდება.

მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრების აკრძალვით, სადავო ნორმა გამორიცხავს შესაძლებლობას, პირმა იდავოს სასამართლოს მიერ დაკავების შესახებ განჩინებით დადგენილი ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების კანონიერების თაობაზე, რაც არაკონსტიტუციურად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.