სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო ორგანოების სხვა უმაღლესი პირები და კონსტიტუციონალისტები დაესწრნენ.  

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის 24 წლის იუბილე მიულოცა. ზაზა თავაძემ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციური პროცესის განვითარებაზე საქართველოში, რომელიც სათავეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან იღებს და დღემდე გრძელდება.

,,1995 წელს მიღებული ქვეყნის უმთავრესი კანონი ეყრდნობა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას, რომელშიც გონივრულად იყო შეჯერებული მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო ეროვნული საწყისები. სამწუხაროდ, პირველი ქართული კონსტიტუცია, საბჭოთა ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის გამო, რეალურად ვერ ამოქმედდა და მიუხედავად მისი პროგრესულობისა, მოკრძალებული წვლილი შეიტანა ქვეყნის სამართლებრივი ტრადიციების განმტკიცებაში. შესაბამისად, სწორედ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია გვევლინება საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამართლებრივ ჩარჩოდ. 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებას და ჩვენი ქვეყანა ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის საწყისებზე დააბრუნა.

სახელმწიფოს მართვა-გამგეობის მოდელისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ჩამოყალიბების პარალელურად, კონსტიტუცია თავისთავად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ძირეული პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც მოცემულია კონსტიტუციის პრეამბულაში - „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა“ წარმოადგენს თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს.

საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტს სწორედ რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს, რომლის ძირეული მიზანი კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფაა. დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონის პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო ორგანო. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებმაც ღირებული გავლენა იქონიეს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე და ხელი შეუწყეს თითოეული ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. საკონსტიტუციო სასამართლომ წარმატებით შეძლო გამხდარიყო ობიექტური, მიუკერძოებელი და ავტორიტეტული სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობის ამოსავალი კონსტიტუციური მართლწესრიგისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაა.

დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე წლისთავზე, ჩვენი სახელმწიფო განვითარების ახალ მიჯნაზე დგას. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის დღე და ვისურვო, რომ საქართველოს წინსვლა და განვითარება შეუქცევადად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის მიზნებთან ერთად” - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.