სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2020 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები – №1265 და №1318).

სადავო ნორმა ადგენდა სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა, რიგი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვა. სადავო ნორმის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, მოხმარების შედეგ დარჩენილი ცარიელი შპრიცის ფლობისათვისაც კი. მათი აზრით, დასახელებული ქმედება არ იყო ისეთი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, რომელიც გაამართლებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გასაჩივრებულ რეგულაციას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდნენ სადავო ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით დადგინდა ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს. განსახილველ შემთხვევაშიც გასაჩივრებული რეგულაცია ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის № 1/8/696 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ხოლო ის თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარს უნდა დადგინდეს საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის გარემოებების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას.

დავის საგანი: 1) №1265 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;

2) №1318 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) 0,0003 გრამის ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.