სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 2 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქის გიორგი ლოგუას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N926).

მოსარჩელე სადავოდ ხდის პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო დამზადების, გავრცელების ან რეკლამირების, ასეთი საგნით ვაჭრობის ან/და მისი შენახვისთვის გაყიდვის ან გავრცელების მიზნით დაწესებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის და  გამოხატვის თავისუფლების უფლებას.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას და იმას, თუ რა გზით არის შესაძლებელი ამგვარი ნაწარმოების კანონიერად დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, შენახვა ან/და ასეთი საგნით ვაჭრობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი N926 იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „დამზადება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:  ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ“, „გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.