სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა N704 კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვები, რომელთა თანხმად, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს.

მოსარჩელის აზრით, ამგვარი შეზღუდვა მართლზომიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს რეალური, გამოკვეთილი საფრთხე იმისა, რომ პირი ამ უფლებით სარგებლობისას სხვების უსაფრთხოებას დაემუქრება. შესაბამისად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, პატიმრისგან მომდინარე საფრთხის შესწავლის საფუძველზე. მოსარჩელის აზრით, პირის კონკრეტული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება არ უნდა იწვევდეს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების ავტომატურ ჩამორთმევას, როგორიც ხანგრძლივი პაემანია.

მოსარჩელის განმარტებით, ხანგრძლივი პაემნის უფლება წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, ხოლო სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა პირს კიდევ უფრო აშორებს ოჯახს და საზოგადოებას, ამასთან ართულებს მისი რესოციალიზაციის პროცესს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ. მოსარჩელის აზრით, ამგვარი რეგულირება არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ოჯახური კეთილდღეობის უფლებებს.

ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-6 ნაწილის სადავო სიტყვები არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.