სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 22 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების გელა ტარიელაშვილის, გიორგი კვირიკაძის, ვლადიმერ გასპარიანის, ივანე მაჭავარიანისა და სხვების (სულ 9 მოსარჩელის) კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N733).

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის, როგორც არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამოყენებას რიგი ნარკოტიკული  საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის, იმ ოდენობით, რომელიც, მათი აზრით, არ ქმნის გავრცელების საფრთხეს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0.024919725 გრამამდე), მორფინის (0.4 გრამამდე), ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), კანაფის ფისის (0.22 გრამამდე), ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), მეთადონის (0.3483 გრამამდე), მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე), ჰეროინის (0.2640 გრამამდე), AB-CHMINACA-ს (3.48 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით  შეძენა/შენახვისათვის და დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისათვის დაწესებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ამ დანაშაულისათვის, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის დაწესება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N733 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.