სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1311 კონსტიტუციური სარჩელი

2019 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1311 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები ადგენდა იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების წესს. მაუწყებლობის წილის იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში მისი შეძენა შეეძლო ნებისმიერ პირს, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას. ამავდროულად, კანონის მიხედვით, ხსენებული წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენა იწვევდა მაუწყებლისათვის ლიცენზიის ჩამორთმევას ან/და ავტორიზაციის გაუქმებას. მოსარჩელეთა პოზიციით, ასეთი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საკუთრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული ნორმები ემსახურებოდა კრედიტორთა მოთხოვნების დროულად და ეფექტურად აღსრულებას, ასევე იძულებით აუქციონზე ქონების შეძენის მსურველი პირების (მათ შორის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული) ინტერესების დაცვას. შესაბამისად, მოპასუხეთა მტკიცებით, სადავო რეგულირება არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმები ემსახურებოდა იძულებით აუქციონზე ქონების შეძენის მსურველი პირების ინტერესების დაცვას და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ დაწესებული შეზღუდვა არ იყო აღნიშნული მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალება. მაუწყებლის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენის გამო ლიცენზიის/ავტორიზაციის დაკარგვის შემთხვევაში იგი აღარ იქნებოდა უფლებამოსილი გაეგრძელებინა მაუწყებლობა. რაც კომპანიისა და მისი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგს და მაუწყებლობის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობის წართმევას გამოიწვევდა. ასეთ პირობებში კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ქონების აუქციონზე შეძენის მსურველი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირების ინტერესები ვერ გადაწონიდა მაუწყებლისა და მისი პარტნიორების ინტერესებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საკუთრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.