სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

2017 წლის 22 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №697) საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესს. მისი აზრით, სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რაც ქმნის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტების მომეტებულ საფრთხეს.

კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენა არ საჭიროებს წინასწარ სასამართლო ნებართვას. ამასთან, შეზღუდულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ქმედებების შემდგომი სასამართლო კონტროლიც. შესაბამისად, სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევის მაღალი რისკი.

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებენ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ამგვარი შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისათვის, რაც, მისი განმარტებით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობისა და პირადი ცხოვრების, მის მიმართ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის, ან ასეთი სასჯელის გამოყენების, აგრეთვე, თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.