სიახლეები

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1635)

2022 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე, „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1635).

საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია ადგენს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე, წინასწარი გაფრთხილების შეტანის ვალდებულებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, არაუგვიანეს 5 დღისა.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე მოქმედების პირობებში, გამოირიცხება სპონტანური შეკრების გამართვის სამართლებრივი შესაძლებლობა. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება მიემართება, მათ შორის ისეთ შეკრებებს, რომლებიც მყისიერი სოციალური პროტესტის შედეგად და იმწუთიერად, რაიმე აქტუალური მოვლენის საფუძველზე წარმოიშობა. თავის მხრივ, წინასწარი გაფრთხილების საკანონმდებლო ვალდებულების ასეთი ტიპის შეკრებებზე განვრცობა, შემდგომში არაეფექტიანს ხდის ან უკიდურეს შემთხვევაში აზრს უკარგავს შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას. დაწესებული ბლანკეტური შეზღუდვის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ ადგენს სამართლიან ბალანსს სპონტანურ შეკრებაში მონაწილე პირთა ინტერესებსა და სადავო ნორმის საფუძველზე მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რის გამოც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.