სიახლეები

2017 წლის 22 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“-ს კონსტიტუციურ სარჩელს N752

2017 წლის 22 მარტს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს კონსტიტუციურ სარჩელს N752 „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე ითხოვს სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუცემლობის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას, ვინაიდან გარემოს შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ამიტომ იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდვის გარეშე. სადავო ნორმით დადგენილი ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის სავალდებულოობა კი არაპროპორციულად ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებას, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვები „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუქტსა და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.