სიახლეები

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური გამოცემა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემის - „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური ნომერი, რომელიც ეძღვნება საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურსამართლებრივ რეგულირებასა და ასეთ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა კრიზისული მმართველობის განხორციელება, წინამდებარე გამოცემის თემატიკა განსაკუთრებული აქტუალურობის მატარებელია.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის მიმდინარე გამოცემა მოიცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მკვლევარების ნაშრომებს, რომელთა ქართულ ენაზე გამოქვეყნების უფლება ჟურნალმა ექსკლუზიურად მოიპოვა. კერძოდ, ქართველ მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ავტორიტეტული და ხშირად ციტირებადი უცხოელი მეცნიერების - ბრიუს აკერმანის, ერიკ ა. პოზნერისა და კლარისა ლონგის - სტატიებს საგანგებო მდგომარეობის მოწესრიგების გამოცდილებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხებზე პანდემიის პირობებში. ბრიუს აკერმანის ნაშრომი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი ძალაუფლების გადაცემის შემთხვევას განიხილავს კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კონტრიბუციაა საგანგებო მდგომარეობის თემაზე. მასვე ეკუთვნის მეორე ნაშრომი, სადაც ავტორი წარმოადგენს მოსაზრებას იმაზე, თუ რა არის საჭირო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ძალაუფლების დასაბალანსებლად. ერიკ პოზნერის ნაშრომი განიხილავს აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი გადაწყვეტილებების მიღების მინდობის თეზისის არსს, მისი მოქმედების ფარგლებს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. არანაკლებ საინტერესო და რელევანტურია კლარისა ლონგის უახლესი პუბლიკაცია, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პირობებში სახელმწიფოთა მიერ პირადი მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის განხილვას ეთმობა.

ამასთანავე, მიმდინარე გამოცემაში თავმოყრილია ახალგაზრდა ქართველი მკვლევარების ნაშრომები ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის დროს ნორმაშემოქმედების პროცესი, საკუთრების უფლების დაცვის საკითხები, ასევე, საგანგებო მდგომარეობიდან მომდინარე საფრთხეები დემოკრატიული სისტემისთვის და საპარლამენტო ფუნქციების განხორციელება მმართველობის საგანგებო რეჟიმში.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად. ჟურნალი „Ulrichsweb“-ის საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, გამოქვეყნებული ნაშრომები კი ასევე, ქვეყნდება „Heinonline“-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

ჟურნალის სპეციალურ გამოცემას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.