• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/6/1932 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/6/1932
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 30 ივლისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 4 აგვისტო 2026 15:45

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;

ბ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1932) მომართა კახა წიქარიშვილმა. №1932 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 29 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 30 ივლისს.

2. №1932 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რიგი წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს და აღნიშნული დარღვევებისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − მისი ჩატარების ადგილზე განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში − ზეპირად მისცეს ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას.

5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

6. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ზეპირად მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დასაცავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს სავალდებულო მითითებით შესთავაზოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

7. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის ან/და ამ კანონის 11​1 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი, რომ, თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნება, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, ხოლო ამავე მუხლის 51 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისთვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ, თუ იგი ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა ჩადენილად არ ეთვლება. შეკრების ან მანიფესტაციის აღნიშნულ მონაწილეს კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ყველა პირის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2025 წლის 10 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის პირველ პუნქტს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გარდა დაემატა ხალხის სავალი ნაწილი, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, ხალხის სავალი ნაწილის (ტროტუარის) ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მისი გახსნისა და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნულმა ცვლილებამ არსებითად გააფართოვა სახელმწიფოს ჩარევის არეალი გამოხატვის თავისუფლებაში. ფორმალურად, აღნიშნული რეგულირება მიმართულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგისა და სხვათა უფლებების დაცვისკენ, თუმცა მისი შინაარსობრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი არსებითად ცვლის შეკრების თავისუფლებით სარგებლობის ბალანსსა და ქმნის ისეთ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც პრაქტიკულად სანებართვო სისტემის ნიშნებს ატარებს. სახელმწიფო ორგანოს ეძლევა ფართო დისკრეცია, თვითონ განსაზღვროს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული შეკრება სხვათა გადაადგილების დაუშვებელ შეფერხებას და ამ საფუძველზე შეცვალოს მისი ადგილი ან დრო. შესაბამისად, შეკრების ჩატარების დროისა და ადგილის განსაზღვრის საკითხში საბოლოო და გადამწყვეტი ძალაუფლება პრაქტიკულად აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა.

10. მოსარჩელის განმარტებით, განსაკუთრებით პრობლემურია შეკრების ამკრძალავი რეგულაციის გავრცელება ხალხის სავალ ნაწილზე. შეკრება, თავისი ბუნებით, გულისხმობს ადამიანთა შეკრებას სწორედ იმ სივრცეში, რომელიც საზოგადოებრივი გადაადგილებისთვის გამოიყენება. დემონსტრანტი დგას, ზის ან გადაადგილდება ტროტუარზე ან ქუჩაზე. ამდენად, შეკრება თითქმის ყოველთვის იწვევს გადაადგილების გარკვეულ შეფერხებას. ასეთი შეფერხება შეკრების ბუნებრივი თანმდევი ეფექტია და დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს ტოლერირებული, თუ იგი არ ქმნის რეალურ და მყისიერ საფრთხეს.

11. მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივი დაკავება, ადამიანთა ჯგუფის მიერ ტროტუარზე დგომა ან გადაადგილება, თავისთავად არ ქმნის ისეთი ხარისხის საზოგადოებრივ საფრთხეს, რომელიც გაამართლებს შეკრებაში ძალისმიერი ჩარევის ინსტრუმენტების ამოქმედებას. მისი აზრით, კანონმდებლის მიერ აკრძალვის ამგვარი გაფართოება არ ეფუძნება გონივრულ დასაბუთებას და გაუგებარია, რა ტიპის და მასშტაბის სოციალური ზიანი შეიძლება წარმოშვას ტროტუარზე შეკრებამ ისეთი, რომ აუცილებელი გახდეს მისი აკრძალვა.

12. ამავე ლოგიკით, მოსარჩელის განმარტებით, ტროტუარზე ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფის დგომა/მოძრაობა შეიძლება შეფასდეს ხალხის შეუფერხებელი გადაადგილების ხელშემშლელ ქმედებად. პრაქტიკულად ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება, რომელიც ხალხის სავალ ნაწილზე იმართება, შეიძლება გახდეს ჩარევის საგანი, რაც შეკრების თავისუფლებას აშკარად ასუსტებს და მას ნებადართული სივრცის პრინციპით ცვლის.

13. იმავდროულად, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას ქმნის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11¹ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „ხელოვნური გადაკეტვის“ ცნება. კერძოდ, აღნიშნული პუნქტი კრძალავს ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ტერმინი „ხელოვნური“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას და არ შეიცავს განჭვრეტად კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც პირს შეეძლებოდა წინასწარ განესაზღვრა, როდის ჩაითვლება მისი ქმედება სამართალდარღვევად, მაგალითად, რა სტანდარტით უნდა შეფასდეს „ხელოვნურობა“, ვინ და რა პროცედურით ადგენს ამ გარემოებას.

14. ამგვარი ბუნდოვანება პირდაპირ უკავშირდება კანონის განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა უნდა იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირს შეეძლოს საკუთარი ქცევის სამართლებრივი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აკრძალული ქმედების შინაარსის განსაზღვრა ფაქტობრივად გადადის სამართალშემფარდებლის დისკრეციაზე. ამ მხრივ, პრობლემას ამძაფრებს ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თუნდაც პირი დაუყოვნებლივ დაემორჩილოს პოლიციის მითითებას, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ამგვარი რეგულაცია კი აუქმებს გაფრთხილების პრევენციულ ფუნქციას, გამორიცხავს ქცევის კორექტირების რეალურ შესაძლებლობას, პასუხისმგებლობას უკავშირებს თავად სივრცეში ყოფნის ფაქტს და დემონსტრანტს აყენებს მყისიერი სანქციის რისკის ქვეშ. ამ პირობებში შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეს ეკისრება შეუძლებელი ვალდებულება, მუდმივად აკონტროლოს ხალხის ნაკადი, სივრცის დატვირთულობა და სამართალდამცავი ორგანოს შესაძლო შეფასება.

15. შედეგად, სადავო რეგულაციები ერთობლიობაში არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის, განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს ფართო და პრაქტიკულად შეუზღუდავ დისკრეციას, ქმნის თვითნებობის რისკს და ფაქტობრივად გამორიცხავს შეკრების თავისუფლებით სარგებლობას, რადგან პირი თავს იკავებს ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას შეკრებისგან პასუხისმგებლობის დაუყოვნებელი რისკის გამო.

16. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილი უკიდურესად ფართოდ აყალიბებს სამართალდარღვევის შემადგენლობას და ერთ სანქციურ რეჟიმში აერთიანებს ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ ქცევებს, როგორც ფორმალურ-პროცედურულ გადაცდომებს (გაფრთხილების შეუტანლობას, რეკვიზიტის მიუთითებლობას, განსხვავებულ დროსა თუ ადგილზე შეკრების ჩატარებას), ისე იმ ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ გავლენას ახდენდეს საზოგადოებრივ ინტერესებზე (გზის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა). გაუგებარია, რატომ უნდა იწვევდეს ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 5 000, 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ისეთი დარღვევები, რომლებიც თავისთავად არ ქმნის არსებით სოციალურ ზიანს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხალხის სავალი ნაწილის მთლიანად ან ნაწილობრივ ხელოვნურად გადაკეტვა არ იწვევს იმ სიმძიმის სოციალურ ზიანს, რომელიც მკაცრ ადმინისტრაციულ სახდელებს გაამართლებდა.

17. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით აშკარაა სახდელის დისპროპორცია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვასთან მიმართებით. კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისას გზის გადაკეტვა ისჯება მნიშვნელოვნად მკაცრად, ვიდრე სხვა შემთხვევაში, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებით გზის ორგანიზებულად გადაკეტვა (ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით).

18. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტაციას შეკრება/მანიფესტაციის ადგილის, დროისა და სვლაგეზთან დაკავშირებით შსს-ს სავალდებულო მითითებების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობაზე, იგი მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ თავად სავალდებულო მითითების უფლებამოსილება არის არაკონსტიტუციური.

19. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილი პრაქტიკულად არ უზრუნველყოფს სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლოს შესაძლებლობას, გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ზიანის ხარისხი და პირის სოციალური მდგომარეობა. ასეთ პირობებში სანქცია სცდება გონივრულ პროპორციულობას და ქმნის აშკარად არაპროპორციული პასუხისმგებლობის საფრთხეს.

20. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილებას და მოსარჩელეს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე თავისუფლად ისარგებლოს შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, სანქციის რეალური საფრთხის გარეშე. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების დროებითი შეჩერება არ დააზიანებს სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს, ვინაიდან ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრება და აზრის გამოხატვა არ ქმნის ისეთ საფრთხეს, რომელიც საჭიროებს მსგავსი სიმკაცრის შეზღუდვას. შესაბამისად, სადავო რეგულაციის შეჩერება წარმოადგენს უფლებათა დაცვის აუცილებელ და თანაზომიერ ინსტრუმენტს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1932 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-9 მუხლთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად არსებითად უკავშირდება სასჯელის არაპროპორციულობის არგუმენტებს. მძიმე ადმინისტრაციული სანქციების გათვალისწინებას იმგვარი ქმედებისთვის, რომელიც არ იწვევს მძიმე სოციალურ ზიანს.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24).

6. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობა შეფასებადი იყოს მათ შორის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა მხოლოდ შესაბამისი, დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება წმინდად სასჯელის პროპორციულობის საკითხს, დაწესებული ადმინისტრაციული სახდელების მძიმე ხასიათს. მოსარჩელე მხარეს, სანქციის პროპორციულობის მიღმა, არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც მიემართება ისეთ საკითხებს, რაც არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში და, შესაბამისად, დამოუკიდებლად, საჭიროებს შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1932 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

2. მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით

8. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება დაწესებული ადმინისტრაციული სახდელების არაპროპორციულობას.

10. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო რეგულაცია წარმოადგენს კონკრეტული ადმინისტრაციულსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებების შემადგენლობას (დისპოზიციას). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული, ხოლო, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18–24). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, (როდესაც მოთხოვნილია სასჯელის პროპორციულობის შეფასება), არ ფასდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს, უშუალოდ ქმედების დისპოზიციასთან მიმართებით, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმის წარმოსაჩენად, თუ როგორ ზღუდავს ამ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

11. ამდენად, ერთი მხრივ, სადავო მოწესრიგება არ განსაზღვრავს დადგენილი აკრძალვისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ იწვევს, ზოგადად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.

12. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, №1932 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

3. ცალკეული ნორმების მისაღებობის ფარგლები

13. მოსარჩელე მხარე ასევე, სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას. აგრეთვე, იგი სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. თავის მხრივ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და 112 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება. შესაბამისად, სადავო რეგულაცია ითვალისწინებს ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ წესს და არა უფლებაშემზღუდველ რეგულაციას. რაც შეეხება მოწესრიგებას, რომლის მიხედვითაც, გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას, ხსენებული სადავო რეგულაცია თავად არ განსაზღვრავს შეკრების უფლებით სარგებლობის ფორმას, წესს ან მასშტაბს, რის გამოც მას პოტენციალი ექნებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების შემზღუდველ წესად მიჩნევისა. იგი არეგულირებს მატერიალური უფლების დაცვის წესს, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაც თავად მატერიალური უფლების ფარგლების, შინაარსის ცვლილებას და მისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის გამოცლას ვერ გამოიწვევს.

14. შესაბამისად, №1932 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და 112 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

15. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარე საერთოდ არ მიუთითებს, სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია − სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, რატომ არის არაპროპორციული და რატომ იწვევს მსუსხავ ეფექტს შეკრების თავისუფლებაზე. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

16. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“ კონსტიტუციურობას მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, №1932 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

17. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ჩაიდენს ორსული ქალი, დედა, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა. ამდენად, მოცემული სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ჯარიმა ეკისრება სპეციალურ სუბიექტს და არა ყველა პირს. მოსარჩელე მხარე ბუნებრივად ვერ იქნება ორსული ქალი ან დედა. ამავდროულად, იგი არ არის 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, ასევე არ მიუთითებს, რომ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე წარმოადგენს არაუფლებამოსილ სუბიექტს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1932 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, რის გამოც არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

20. მოსარჩელე მხარე, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილს სრულად, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებული რეგულაციების არაკონსტიტუციურობის ისევე, როგორც მათთვის დაწესებული სანქციების არაკონსტიტუციურობის თაობაზე. მოსარჩელე მხარე ასევე, არ ასაბუთებს ამავე ნაწილით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომების არაკონსტიტუციურობას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში არ იქნება მიღებული არსებითად განსახილველად.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 11​2 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას.

4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1932 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

5. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შეფასება

23. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.

24. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე.

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

28. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმის მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.

29. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს სადავო ნორმის შეჩერების საჭიროება, შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში, მოსარჩელეს არ ათავისუფლებს სათანადო არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისგან, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება წარმოქმნის მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ალტა“, შპს „ოქეი“, შპს „ზუმერი ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და შპს „სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

30. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცხადია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეჩერების შუამდგომლობის განხილვისას სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებაზე იმსჯელებს, რომელსაც იგი იღებს არსებითად განსახილველად. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, იგი არსებითად განსახილველად არ იღებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შესაბამისად, ვერც მის შეჩერებაზე იმსჯელებს. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის გათვალისწინებით სასამართლო შეაფასებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების საკითხს, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 11​​1 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

31. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილებას და მოსარჩელეს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე თავისუფლად ისარგებლოს შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, სანქციის რეალური საფრთხის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გამოუსწორებელ ზიანად მიიჩნევს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული პატიმრობის სახით თავისუფლების აღკვეთის სანქციისგან მომდინარე „მსუსხავ ეფექტს“.

32. სადავო ნორმა კრძალავს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას და აღნიშნული წესის დარღვევისთვის ადგენს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოშობს თუ არა აღნიშნული რეგულაციის მოქმედება ისეთ გამოუსწორებელ ზიანს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის პროცესში, რომელიც ვერ აღმოიფხვრება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.

33. უდავოა, რომ ზოგადად, პირის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმით – ფიზიკური თავისუფლების აღკვეთით (თუნდაც კონსტიტუციურად) – თავისი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირისთვის მძიმე უფლებრივ ტვირთს, თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული გარემოება თავისთავად და ავტომატურად ვერ განაპირობებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. უფლების შეზღუდვის ინტენსივობა ან სანქციის სიმკაცრე, თავისთავად, დამატებითი გარემოებების გარეშე ვერ იქნება მიჩნეული იმ გამოუსწორებელ შედეგად, რომელიც სადავო ნორმის შეჩერების საფუძველს ქმნის. საწინააღმდეგო მიდგომის გაზიარება მნიშვნელოვნად გააფართოებდა შეჩერების ინსტიტუტის მოქმედების ფარგლებს და პრაქტიკულად გამოიწვევდა იმ შედეგს, რომ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დამდგენი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი, მხოლოდ სანქციის ბუნებიდან გამომდინარე, დაექვემდებარებოდა მოქმედების შეჩერებას, რაც არ არის თავსებადი შეჩერების ინსტიტუტის ფუნქციურ მიზანთან.

34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ გამოუსწორებელი შედეგის არსებობა არ განისაზღვრება მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფაქტით ან მისი ხანგრძლივი ხასიათით. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).

35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დროებით ღონისძიებას მიმართავს იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მხარისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, სამართლებრივ სივრცეში ნორმა მოქმედებას წყვეტს საკითხის არსებითი შესწავლის, ნორმის ბუნების ზედმიწევნით გამორკვევის გარეშე, რამაც შესაძლოა, დისფუნქციური გახადოს მოქმედი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს იმ სამართლებრივი ურთიერთობების გამართული ფუნქციონირება, რომელთა მოწესრიგებასაც აღნიშნული ნორმები ემსახურება. ამდენად, შეჩერების მექანიზმის ყოველ ჯერზე გამოყენებას თან სდევს ხანგრძლივი საკანონმდებლო ვაკუუმის წარმოშობის საფრთხე და ამდენად, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის რისკი. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით აფასებს. იგი მოსარჩელე მხარისგან მოითხოვს არა მხოლოდ ზოგადად უფლების შეზღუდვის ფაქტზე და მის განგრძობით ხასიათზე მითითებას, არამედ დამაჯერებელი არგუმენტებით იმის წარმოჩენას, რომ სადავო ნორმის მოქმედების გაგრძელება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ქმნის გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანის მიყენების რეალურ რისკს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად მოქმედი სამართლებრივი რეგულაციის დროებითი შეჩერება, როგორც განსაკუთრებული და გამონაკლისი ღონისძიება, რომელიც ემსახურება ეფექტიანი კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების რეალური დაცვის უზრუნველყოფას.

36. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული საფრთხის წინაშე მდგარი ან უკვე თავისუფლებააღკვეთილი მოსარჩელეების მოთხოვნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პრაქტიკაში, არ აკმაყოფილებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითების საფუძვლით, რომ მათ შესაძლოა აღეკვეთოთ/ან უკვე აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. სასამართლო თავისუფლების აღკვეთას არ მიიჩნევს იმ გამოუსწორებელ ზიანად, რაც შეჩერების ინსტიტუტის გამოყენებას ამართლებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №1/11/657 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

37. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა თავისი ბუნებით შეუქცევადია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული პატიმრობა, თავისი ბუნებითა და ინტენსივობით, ნაკლებად მკაცრ ღონისძიებას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სასჯელთან მიმართებით. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სისხლისსამართლებრივი წესით თავისუფლების აღკვეთას (მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების გამო) არ მიიჩნევს, თავისთავად, ისეთ გამოუსწორებელ ზიანად, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას გაამართლებდა, მით უფრო ვერ იქნება ასეთი დასკვნის საფუძველი, ნაკლები ინტენსივობის მქონე ღონისძიების შესაძლო გამოყენება. ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ვერ გახდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თვითკმარი არგუმენტი.

38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა თავად უზრუნველყოფს მისგან მომდინარე სამართლებრივი ტვირთის აღმოფხვრას. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა ძირითადი გადაწყვეტილების მიღების გზით.

39. ამასთან, შეკრების თავისუფლების შეუქცევადად დაზიანების კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო რეგულაცია არ ართმევს პირს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. სადავო რეგულაცია ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, რომლის დაცვითაც უნდა განხორციელდეს შეკრება/მანიფესტაცია და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მისი დარღვევისთვის. მოსარჩელე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს აღნიშნული უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. სადავო რეგულაცია მიემართება შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მათ არ მიიღებდა არსებითად განსახილველად, თუმცა სადავო რეგულაციის – ხალხის თუ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მონაწილეების მიერ დაბრკოლების შექმნის აკრძალვის მიზანშეწონილობა, ისევე როგორც სადავო სანქციის (ადმინისტრაციული პატიმრობის) პროპორციულობის შეფასება, წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შესაფასებელ მოცემულობას. მოცემულ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმის მოქმედება არ იწვევს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს გამოუსწორებელი შედეგის არსებობის ალბათობას.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1932 კონსტიტუციური სარჩელი („კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით:

ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, 111 მუხლის პირველი პუნქტის, 112 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 წინადადების, მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 51 პუნქტის კონსტიტუციურობას;

ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ..., ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ...“ კონსტიტუციურობას.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1932 კონსტიტუციური სარჩელი („კახა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით:

ა.ა) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და 112 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას;

ა.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით;

ა.გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობის, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:

ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 ან 112 მუხლით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური მუშაობის, ტრანსპორტის ან ხალხის (ქვეითთა) შეუფერხებელი გადაადგილების ან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოიწვია, ან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, ანდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა −“ კონსტიტუციურობას;

ბ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის სიტყვების „... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ... სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით“ კონსტიტუციურობას.

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილის კონსტიტუციურობას.

3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

5. №1918, №1926 და №1932 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ