• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/11/1949 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/11/1949 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი განსხვავებული აზრი
ნომერი do1/11/1949
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - , ,
ავტორ(ებ)ი გიორგი კვერენჩხილაძე
თარიღი 30 ივლისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 13 აგვისტო 2026 11:56

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/11/1949 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/11/1949 საოქმო ჩანაწერთან (შემდგომში − №1/11/1949 საოქმო ჩანაწერი) დაკავშირებით.

2. №1/11/1949 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული, მათ შორის, ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, რისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით კი სისხლის სამართლის წესით დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174​1 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა. ამდენად, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, რისთვისაც, სასჯელის სახით, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე.

4. №1949 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები, რამდენადაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, ქმნის „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის პროცესზე, რის გამოც, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად ხსენებული უფლებებისათვის მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება სადავო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ წარმოშობს მესამე პირთა უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაზიანების საფრთხეს.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და, წინარე პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნა, რომ არც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შესაძლო გამოყენება და არც უკვე აღკვეთილი თავისუფლება არ მიიჩნევა გამოუსწორებელ შედეგად, რადგან სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, აღარ იარსებებს ადამიანის თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეებზე, წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვისა და სამართლებრივი შედეგების აღმოფხვრის საფუძველს. ამასთანავე, ჩემი კოლეგების შეფასებით, ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთის სასჯელზე ნაკლები ინტენსივობის ღონისძიება, მით უფრო, ვერ დაასაბუთებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გამართლებულობას. გარდა ამისა, დადგინდა, რომ სადავო რეგულაციები არ ართმევს პირს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, არამედ ადგენს ხსენებული უფლებების განხორციელების წესსა და ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას. ჩემი კოლეგების მითითებით, მოსარჩელე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგაც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, რის გამოც, არ არსებობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/11/1949 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლევან ჟვანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-39-55).

6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე №1940 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერით (შემდგომში − №1/8/1940 საოქმო ჩანაწერი), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რასაც არ დავეთანხმე და გამოვთქვი განსხვავებული აზრი. ხსენებულ განსხვავებულ აზრში განვითარებული სამართლებრივი არგუმენტაცია და შესაბამისი დასკვნები თანაბრად მიემართება №1/11/1949 საოქმო ჩანაწერში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განვითარებულ მსჯელობას. შესაბამისად, კვლავ ვრჩები №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ აზრში დაფიქსირებული ჩემი პოზიციების ერთგული და იმავე საფუძვლებით ვერ გავიზიარებ №1/11/1949 საოქმო ჩანაწერით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ჩემი კოლეგების პოზიციას.[1]

7. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაშიც, მართალია, ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში, თავისუფლების აღკვეთის შესაძლო გამოყენება ან უკვე აღკვეთილი თავისუფლება, თავისთავად, არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველს, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული პრაქტიკის მოცემულ საქმეზე მექანიკური გავრცელება არ შეესაბამება განსახილველი დავის კონსტიტუციურსამართლებრივ სპეციფიკას. №1/8/1940 საოქმო ჩანაწერის მსგავსად, №1/11/1949 საოქმო ჩანაწერში განვითარებული მსჯელობის მთავარი ხარვეზი ისაა, რომ გამოუსწორებელი ზიანის არსებობა-არარსებობის საკითხის შეფასებისას, ფაქტობრივად, არ იქნა გათვალისწინებული განსახილველი საკითხის კონსტიტუციურსამართლებრივი თავისებურებები და სადავო ნორმებით შეზღუდული უფლებებისა და თავისუფლებების ბუნება. ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლებების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია. იმავდროულად, განსახილველ საქმეზეც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და სხვა საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. ჩემს კოლეგებს, განსახილველ საქმეზეც, სათანადოდ არ უმსჯელიათ, რა გავლენას ახდენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე ის გარემოება, რომ აღნიშნული უფლებების რეალიზების პროცესში განხორციელებული ქმედებისთვის კანონმდებელი აწესებს პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრ ფორმას, თავისუფლების აღკვეთას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ხსენებულ უფლებებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის, განსაკუთრებით მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რეაგირების მიუღებელ, მკაცრად გაკრიტიკებულ და რთულად გამართლებად ფორმად მიიჩნევა. დამატებით, მოცემულ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს არც ის მიუღიათ მხედველობაში, რომ საპატიმრო სასჯელების შემუშავებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასაცავი სიკეთე, თვისებრივად, არ არის იმგვარი, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე მსგავსი სანქციის/სასჯელის დაწესების საპირწონე იქნებოდა.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისათვის, სანქციის/სასჯელის სახით, ითვალისწინებს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

გიორგი კვერენჩხილაძე

 

[1] ვრცლად იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის №1/8/1940 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ